კახა კალაძე: ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნების“ გუნდში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობა პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია. 

"გუშინ პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეყენებინა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, იყო სხვადასხვა კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი და გულწრფელად გეტყვით, რომ პირველივე ტურში შესაძლებელი იქნებოდა გამარჯვების მიღწევა. თუმცა, ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.

„დღეს ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება დამბალანსებელი სახელისუფლო შტოებს შორის და ვფიქრობ, გუნდის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა ფორმატში დაუჭერს მხარს პარტია სალომე ზურაბიშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად