კახა კალაძე: ჩვენ არ გვაქვს ქალაქში ყველა გზის გაფართოვების შესაძლებლობა – ეს დამღუპველი იქნება

„ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განხილვის საგნად იქცა, თუმცა მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

„მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში იქცა დიდი განხილვისა და მსჯელობის საგნად. არიან ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ასევე, არის ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც მოსწონს ჩვენი ხედვა, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას, ინტერესს. ჩვენ არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე ბევრჯერ გვითქვამს ის, რომ რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ვაჩვენეთ, თუ რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. სტატისტიკას თუ შევხედავთ, თბილისში დაახლოებით, 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება, რაც ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ ახალი ავტომობილი შეიძინონ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება, ჩვენი რელიეფიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ასევე, ისმის კითხვები რატომ არ შეიძლება გზების გაფართოვება? ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის და ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად