კახა კალაძე: ბოლო სამ წელში, ჯანდაცვის მიმართულებით, 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაიხარჯა მილიარდზე მეტი

“მე, როგორც თბილისის მერი, ვალდებული ვარ, მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში სოციალური პოლიტიკის მიმართულებით” – თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ანგარიშს აბარებს.

“რაც შეეხება ბოლო წლებში გაწეულ საქმიანობას, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული. თანხობრივად მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა ამ სამი წლის განმავლობაში. დავნერგეთ ახალი პროგრამები და გავაუმჯობესეთ არსებული” – განაცხადა კახა კალაძემ

თბილისის მერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის ადამიანის ჯანმრთელობაა.

“ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ეს თანადგომა ისევ სჭირდებათ.

ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის ჭირდებოდათ სახლის გაყიდვა, სოფლებში ჭირდებოდათ საქონლის გაყიდვა.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება. აქვე მინდა აღვნიშნო პანდემიასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ექიმებს, ექთნებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. რადგან შევეხეთ პანდემიას, მინდა გითხრათ, რომ ამ ნაწილში მოსახლეობას ერთი თეთრიც არ დაკლებია, რადგან ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის და ადამიანისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა” – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები
იტვირთება...