კახა კალაძე: ბაგებში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და არსებული მდგომარეობა აუცილებლად მოწესრიგდება

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ვაკის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

მერობის კანდიდატმა მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბაგების დასახლებას ესაჭიროება რეკრეაციული სივრცეები და არსებული მდგომარეობის მოწესრიგდება.

„ბაგებში რთული მდგომარეობაა ნამდვილად, როგორც ფეხით, ისე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია. ტროტუარები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვის გასეირნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამიტომ, ეს ყველაფერი აუცილებლად მოწესრიგდება. ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებით იცით ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეზეა მორგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, იწყება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

„ძალიან მალე უშუალოდ სამუშაოების წარმოებას დავიწყებთ. ეს არის ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბაგებში არსებულ მდგომარეობასაც მივხედავთ და ყველანაირად მოვაწესრიგებთ, რომ ბავშვის გასეირნებაც იყოს შესაძლებელი, ავტომობილების პარკინგი და ფეხით გადაადგილებაც“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები
იტვირთება...