კახა კახიშვილის ინიციატივა: პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს.

ამის შესახებ კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

„ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში სპეცსამსახურების და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ფაქტობრივ დევნას. ამ დროს მათი დეკლარაციები ღია სივრცეში, ინტერნეტში განთავსებულია და ფაქტობრივად, გაშიფრულია საცხოვრებელი ადგილები, მანქანის, ტელეფონის ნომრები, ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, მისამართები, როგორ დადიან, საიდან სად მიდიან და ა.შ. საქმე გვაქვს ერთი მხრივ იმასთან, რომ ეს ადამიანები 24-საათის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლის ველზე, პირველ ფლანგზე დგანან და მათ, მათი ოჯახის წევრების მიმართ ინფორმაცია ღიად მოიპოვება, შესაძლებელია კიდეც დარტყმის საგანი გახდეს რომელიმე პოლიციელი ან სპეცსამსახურის თანამშრომელი. ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დეკლარაცია, ერთი მხრივ, შეიძლება განვათავსოთ ინტერნეტსივრცეში, მაგრამ სპეცსამსახურების თანამშრომლების კუთხით მათი მისამართები იყოს დაშიფრული. ანუ კონკრეტული პოლიციელის ქონების შესახებ ინფორმაცია იყოს, მაგრამ მისი მისამართი, ცოლის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ. ყველაფერი იქნება დაშტრიხული. თუ ვინმე დაინტერესებული მხარეა, მან მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოითხოვოს და დეტალურად შეისწავლოს. ღია სივრცეში სპეცსამსახურის თანამშრომლების, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების, სპეცრაზის თანამშრომლების, ოპერატიული თანამშრომლების საანკეტო მონაცემები და მათი სანათესაო წრის გაშიფვრა ვფიქრობ, ძალიან არასწორია და საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს. აუცილებელი არ არის რაღაც მოხდეს და მერე ვიფიქროთ. ჯობს პრევენციაზე ვიმუშავოთ არასამთავრობო სექტორთან და პარლამენტთან ერთად“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...