კახა გოგოლაშვილი: ნავალნიმ დაბრუნებით მაგალითი სხვა რუსებსაც მისცა, რომ კი არ გაიქცნენ – იბრძოლონ!

ნავალნიმ დაბრუნებით მაგალითი სხვა რუსებსაც მისცა, რომ კი არ გაიქცნენ, არამედ იბრძოლონ, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორმა, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“ნავალნი იმიტომ დაბრუნდა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია. მას შეუძლია კეთილდღეობა მოიწყოს, იცხოვროს უცხოეთში, როგორც დისიდენტმა, ჰქონდეს უკეთესი მატერიალური შესაძლებლობები, დაცულობა და ა. შ. მაგრამ მისთვის უმნიშვნელოვანესია ეს იდეა, რომ რაიმე შეცვალოს რუსეთში. ეს უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და ზუსტად ამიტომ დაბრუნდა.

რუსეთში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. წინა არჩევნებზე მისი პარტია დაბლოკეს, მაგრამ ახლა თუ რამეს მოახერხებს და ამ არჩევნებზე შეძლებს მონაწილეობის მიღებას, შეიძლება ისე მოხდეს, რომ პარლამენტშიც აღმოჩნდეს. ალბათ, რაღაც იმედები აქვს და პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მაგალითის მიცემა სხვა რუსებისთვის, რომ კი არ გაიქცნენ… პუტინსაც ეს უნდოდა, რომ მას შეშინებოდა ჩასვლის. კი, ეს იყო მაგალითის მიცემა, რაც ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ 17 იანვარს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასულ ზაფხულს “ნავიჩოკით” მოწამლეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომელშიც ის იჯდა “ვნუკოვოს” აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს, მოგვიანებით კი თვითმფინავი “შერემეტევოს” აეროპორტში დაჯდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა: “აქ არის ჩემი სახლი, დაპატიმრების არ მეშინია. მე, მართალი ვარ”.

კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კი ის დააპატიმრეს. დასავლეთი რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად