კახა გოგოლაშვილი: ლუკაშენკოს რუსეთისკენ ან ევროპისკენ გადახრა მისი პერსონალური კრახით დასრულდება

იმის მიუხედავად, რომ ლუკაშენკო ავტორიტარული, პოსტსაბჭოთა ლიდერია, რომელსაც აქვს მეტწილად საბჭოთა მენტალიტეტი, მას გააჩნია ბალანსირების ძლიერი უნარი, – ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ამ ბალანსში მას გარკვეული ძალა გააჩნია და მას აქვს პრორუსული მოსახლეობის მხარდაჭერაც და ნაწილობრივ იმათიც ვისაც დესტაბილიზაციის ეშინია.

“პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია ამ მომენტში. იმიტომ, რომ ბელარუსში ძლიერი არასტაბილურობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია საკმაოდ რადიკალურია და ამასთანავე პროდასავლური, მას მაინც არ ყოფნის ძალა. მათ არჩევნებზე დააგროვეს 20%. მართალია ეს მოხდა დარღვევების ფონზე და შესაძლოა მეტი დაეგროვებინათ, მაგრამ მაინც ვერ მიაღწევდნენ იმ შედეგს, რომ ოპოზიციის კანდიდატს გაემარჯვა. ძალიან დიდია პრორუსული სენტიმენტები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. არის რეგიონები, რომლებიც ბელარუსში რუსული რეგიონებია. ქვეყნის დიდი ნაწილი რუსულენოვანია, რაც ძალიან მოქმედებს ბელარუსის ევროპულ პერსპექტივაზე, თუმცა მოსახლეობის განათლებული ნაწილი მნიშვნელოვანწილად ემხრობა ბელარუსის ევროპეიზაციას და მის ამ სწრაფვას.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს გააჩნია გარკვეული უპირატესობები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ავტორიტარული, პოსტსაბჭოთა ლიდერია, რომელსაც აქვს მეტწილად საბჭოთა მენტალიტეტი, ამის მიუხედავად მას გააჩნია ბალანსირების ძლიერი უნარი. ის ბალანსირებს ევროპასა და რუსეთს შორის. მისი რომელიმე მხარისკენ გადახრა დასრულდება მისი პერსონალური კრახით. თუ ბელარუსი გახდება უფრო დემოკრატიული, მაშინ ხალხი გადაირჩევს და უფრო თანამედროვე ლიდერს მოიყვანს. თუ ის მოსკოვისკენ მეტად გადაიხრება და პუტინს ჩაუვარდება კლანჭებში, მაშინ პუტინი შეეცდება შეცვალოს უფრო მეტად მართვადი ლიდერით, რომელიც უფრო მეტად პრორუსული  იქნება და ამავე დროს მოქნილიც. ამიტომ ის კარგად ბალანსირებს და ბალანსირებს ამ ორ ძალას შორის. ამ ბალანსში მას გარკვეული ძალა გააჩნია და მას აქვს პრორუსული მოსახლეობის მხარდაჭერაც და ნაწილობრივ იმათიც ვისაც დესტაბილიზაციის ეშინია”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.08%-ით მოიგო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.09%. მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის ცენტრში და რესპუბლიკის ზოგიერთ სხვა ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც გადაიზარდა შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი, დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად