კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირი ზურგს ჯერ არ შეგვაქცევს, მაგრამ ყველაფერი გროვდება და ბევრს ვკარგავთ

ბოლო 2 დღეა საქართველო ევროპარლამენტის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. რაც გამოიწვია ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებამ საარჩევნო წელს, რამაც ბევრი ეჭვები გააჩინა.

ევროპარლამენტარების ძირითადი ხაზია, რომ არ შეიძლება სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. გავრცელდა განცხადება ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო.

რა საფრთხეს უქმნის ეს ქვეყანას და ხომ არ ემუქრება საფრთხე ასოცირების ხელშეკრულებას? – ამ კითხვებით მიმართა “აიპრესმა” “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორს კახა გოგოლაშვილს:

_ ევროპარლამენტში ვნახეთ კრიტიკული გამოხმაურებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საგარეო კომიტეტის რამდენიმე წევრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ვალდებულება სამართლიანი სასამართლოსი და ის არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის წინააღმდეგ. ასეთია ძირითადი ხაზი. ამას მოყვა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დოკუმენტის ჩავარდნა და ა. შ. ამ პროცესს მთლიანობაში რომ შევხედოთ, ეს რა გზავნილების საქართველოს მისამართით და ხომ არ უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება საქართველოში, მაშინ შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულებასაც კი დაემუქროს საფრთხე?

_ ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის განვითარებასთან. ხელშეკრულების პირველივე თავი სწორედ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დემოკრატიის განვითარებას და ა. შ. საკითხებს ეხება. ამიტომ, რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლიდნენ ამ საკითხებს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

დემოკრატიის ხელშეწყობა და განვითარება არა მარტო კანონების მიღებაა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა. შ. არამედ მისი იმპლემენტაცია და ის როგორ მოქმედებს დემოკრატია ქვეყანაში პრაქტიკული თვალსაზრისით. რასაც ჰქვია ფუნქციური დემოკრატია. ფუნქციურად კიდევ „ქეისებში“ და გარკვეულ შემთხვევებში ჩნდება. ის, რაც ეჭვებს იწვევს, ამაზე ევროპარლამენტარები ძალიან მწვავედ და კრიტიკულად ითხოვენ ამ ეჭვების გაქარწყლებას. უგულავას სასწრაფოდ დაპატიმრებასთან დაკავშირებით ეჭვები რა თქმა უნდა გაჩნდა. არ ვიცი ეს ერთი და იგივე საქმეა თუ არა, ეს უკვე იურისტების პრეროგატივაა, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი საქმეების გამო გასამართლდა სამჯერ. თან ეს ხდება საარჩევნო წელს, რაც თავისთავად ეჭვებს იწვევს.

რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარე შეეცდებოდა ამის ჩადებას ერთობლივ დეკლარაციაში. ასევე საუბარი რა თქმა უნდა იქნებოდა საარჩევნო სისტემაზე. არა იმაზე, რატომ არ მოხდა შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა, არამედ ის, რატომ არ მოხდა დანაპირების შესრულება. ევროპარლამენტში ხვდებიან, რომ ეს არ მომხდარა გარკვეული მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო. ხვდებიან, რომ ეს უფრო იყო პოლიტიკური მანიპულაციის შედეგი, ვიდრე დემოკრატიული ნების გამოვლინების შედეგი.

არსებობს ფორმალური დემოკრატია და არსებობს სიღრმისეული დემოკრატია. ასე, რომ ევროპარლამენტში კარგად ხვდებიან, სად აქვს ადგილი დემოკრატიის გამოვლინებას, სად პოლიტიკურ მანიპულაციას. აქ ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ უხერხულ მდგომარეობაში.

_ ანუ ეს არის საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება და შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა უფრო მძიმე იყოს?

_ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე მარტივად არ დგას საკითხი, რომ საქართველოსნაირ ქვეყანასთან ევროკავშირმა ხისტი პოლიტიკა გაატაროს დღევანდელ პირობებში. ევროკავშირს საქართველო სჭირდება და სჭირდება საქართველოს მხრიდან დასავლური კურსის გაგრძელება. ამიტომ, ის იზოლაციაში არ მოაქცევს საქართველოს და არ უბიძგებს ქვეყანას, რომ ის დაადგეს სხვა ქვეყნების გზას. მაგალითად იმ გზას, რასაც თავის დროზე, სომხეთი, ბელორუსი ან აზერბაიჯანი დაადგა. ამიტომ, საქართველო მაინც განიხილება რეგიონის ლიდერად დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. მათი დამოკიდებულება იქნება კრიტიკული, მაგრამ დამოკიდებულებები კარდინალურად არ შეიცვლება.

ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს დავკარგავთ. ჩვენ ძალიან ბევრს დავკარგავთ. იმიტომ, რომ ბევრი შესაძლებლობები, რაც არსებობს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, ასეთი მიდგომების გამო, შესაძლოა შეიზღუდოს.

ამ ეტაპზე რაღაცით ვჯობივართ მოლდოვას. იქ საერთოდ რაღაცა ძალები მოვიდა ხელისუფლებაში და ბევრად მეტად კორუმპირებულია ქვეყანა, ვიდრე საქართველო. უკრაინაც ჯერ არ არის სტაბილური და იქ პოლიტიკური სიტუაცია ბოლომდე გარკვეული ჯერ არაა. ამ ვითარებაში შესაძლოა საქართველო მაინც უკეთეს შეფასებას იმსახურებს, ოღონდ თავისთავად ძალიან სარისკოა საქართველოს ყოფნა ამ ზღვარზე, ზღვარზე იმისა, რომ შეგვაქცევს თუ არა ზურგს ევროკავშირი. ზურგს ამ ეტაპზე ზურგს არ შეგვაქცევს, მაგრამ ყველაფერი გროვდება, მათ შორის მათი უკმაყოფილება გარკვეული პოლიტიკური პროცესების გამო საქართველოში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად