კახა გოგოლაშვილი: დასავლეთი ფრთხილობს, რომ ბელარუსი რუსეთს არ ჩაუვარდეს ხელში (ინტერვიუ)

მძიმე ვითარებაა ბელარუსში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებს აპროტესტებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.08%-ით მოიგო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.09%. მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის ცენტრში და რესპუბლიკის ზოგიერთ სხვა ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც გადაიზარდა შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი, დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ბელარუსში და ხომ არ ჩანს რუსეთის კვალი ამ პროცესებში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი საუბრობს:

_ ბელარუსში ვხედავთ საკმაოდ მძიმე პროცესებს. როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ – უნდა ველოდოთ იმას, რომ ბელარუსი ცოტა უფრო ევროპისკენ წავა თუ შიდა პრობლემად უნდა განვიხილოთ და რეალურად გლობალურ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება? რუსულ კვალსაც ხომ არ ხედავთ?

_ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია ამ მომენტში. იმიტომ, რომ ბელარუსში ძლიერი არასტაბილურობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია საკმაოდ რადიკალურია და ამასთანავე პროდასავლური, მას მაინც არ ყოფნის ძალა. მათ არჩევნებზე დააგროვეს 20%. მართალია ეს მოხდა დარღვევების ფონზე და შესაძლოა მეტი დაეგროვებინათ, მაგრამ მაინც ვერ მიაღწევდნენ იმ შედეგს, რომ ოპოზიციის კანდიდატს გაემარჯვა. ძალიან დიდია პრორუსული სენტიმენტები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. არის რეგიონები, რომლებიც ბელარუსში რუსული რეგიონებია. ქვეყნის დიდი ნაწილი რუსულენოვანია, რაც ძალიან მოქმედებს ბელარუსის ევროპულ პერსპექტივაზე, თუმცა მოსახლეობის განათლებული ნაწილი მნიშვნელოვანწილად ემხრობა ბელარუსის ევროპეიზაციას და მის ამ სწრაფვას.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს გააჩნია გარკვეული უპირატესობები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ავტორიტარული, პოსტსაბჭოთა ლიდერია, რომელსაც აქვს მეტწილად საბჭოთა მენტალიტეტი, ამის მიუხედავად მას გააჩნია ბალანსირების ძლიერი უნარი. ის ბალანსირებს ევროპასა და რუსეთს შორის. მისი რომელიმე მხარისკენ გადახრა დასრულდება მისი პერსონალური კრახით. თუ ბელარუსი გახდება უფრო დემოკრატიული, მაშინ ხალხი გადაირჩევს და უფრო თანამედროვე ლიდერს მოიყვანს. თუ ის მოსკოვისკენ მეტად გადაიხრება და პუტინს ჩაუვარდება კლანჭებში, მაშინ პუტინი შეეცდება შეცვალოს უფრო მეტად მართვადი ლიდერით, რომელიც უფრო მეტად პრორუსული  იქნება და ამავე დროს მოქნილიც. ამიტომ ის კარგად ბალანსირებს და ბალანსირებს ამ ორ ძალას შორის. ამ ბალანსში მას გარკვეული ძალა გააჩნია და მას აქვს პრორუსული მოსახლეობის მხარდაჭერაც და ნაწილობრივ იმათიც ვისაც დესტაბილიზაციის ეშინია.

_ მთლიანობაში რუსეთს ხელში უჭირავს პროცესები?

_ არა, ვერ უჭირავს ბოლომდე. რუსეთისთვის მომგებიანი იქნებოდა ლუკაშენკოს ნაცვლად ისეთი ლიდერი, რომელიც ხელში ჩაუგდებდა რუსეთს ამ ქვეყანას.

_ ბოლო პერიოდში ლუკაშენკოსა და პუტინს შორის გარკვეული დაძაბულობაა. ხომ არ ეცდება პუტინი, რომ ეს ვითარება თავის სასარგებლოდ დაალაგოს?

_ პუტინი ამას დიდი ხანია ცდილობს და ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ის ამას დიდი ხანია უკვე გააკეთებდა, მაგრამ რაში დაჭირდა მებრძოლების გაგაზავნა – არეულობაში მონაწილეობის მისაღებად თუ დენთის დანთება, ის ამას არ იზავდა, მას კონტროლის მეტი ბერკეტები რომ ჰქონდეს ხელში.

ასეთი შეგრძნებაა, რომ მოლდოვაში მეტი ბერკეტები აქვს პუტინს, ვიდრე ბელარუსში. ეს იმიტომ, რომ მაგალითად მოლდოვაში მან მოახერხა ბიზნესის დიდი ნაწილის და პარლამენტის წევრების დიდი ნაწილის კორუმპირება-მოსყიდვა შეძლო. ეს ვერ შეძლო ბალარუსში. იქ ყველაფერს ლუკაშენკო აკონტროლებს და პუტინს არ აქვს ისეთი ძლიერი დასაყრდენი, გარდა იმისა, რომ იქ არის პრორუსული სენტიმენტები, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელიც პრორუსულია ჯერჯერობით რუსეთთან შეერთების მომხრე არ არის. მას უფრო მოსწონს დამოუკიდებელ ბალარუსში ცხოვრება, რადგან რუსეთზე მეტად დალაგებული ქვეყანაა. მეტი სტაბილურობა, უკეთესი პენსიები, მეტი დისციპლინა და ა. შ.

პუტინს რაც გააჩნია ბელარუსში, ეს არის მისი ენერგო-ბერკეტი და გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები. ბელარუსის ექსპორტის 55% მაინც რუსეთის ბაზარზე მიდის და რუსეთი ასევე არის მისი სავაჭრო პარტნიორი, ანუ იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ახორციელებს. ინდუსტრია დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე და რუსეთიდან მოწოდებებზე. ამიტომ ეს ბერკეტი გააჩნია, მაგრამ ეს არ არის პერსონალური ბერკეტები გავლენის თვალსაზრისით. პუტინს არ ჰყავს ოპოზიცია, რომელზეც შეუძლია გავლენები იქონიოს. ამიტომ, ასე მარტივად ვერ შეძლებს ლუკაშენკოს მოშორებას. ალბათ კმაყოფილია კიდეც იმით, რომ პროევროპული ძალები გარკვეულ პრობლემებს უქმნიან ლუკაშენკოს.

ამ სიტუაციაში შესაძლოა გარკვეული მანევრირება მოახდინოს, მაგრამ რა, ამის თქმა ძნელია. რისი გაკეთება შეუძლია მას ამ არეულობის პირობებში რომ რუსეთისკენ შემოაბრუნოს ქვეყანა, ამის პროგნოზირება რთულია.

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორია, როცა ვინარჩუნებთ დუმილს? რა პოზიცა უნდა დავიკავოთ, მაშინ როცა ერთი მხრივ კარგი ურთიერთობა გვაქვს ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მეორე მხრივ ვართ პროევროპული სახელმწიფო და ხომ არ უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების მიმართ?

_ საქართველო ძალიან პატარა აქტორია და მას არც არავინ სთხოვს და ავალდებულებს, რომ გააკეთოს ძალიან ღია განცხადებები. გასაგებია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და შედარებით თავისუფალი ძალები, მათ შორის მედიაც გამოხატავს თავის აზრს, მაგრამ მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, იმ ვითარებაში როცა დესტაბილიზაცია მიმდინარეობს იქ, ალბათ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში. უბრალოდ შეუძლია მოუწოდოს ძალის გამოუყენებლობისკენ  და დიალოგისკენ ბელარუსის ლიდერს, მაგრამ არა ისეთი ტონით, რაც შეურაცხყოფა იქნება.

_ ანუ მაქსიმალურად დიპლომატიური ენა უნდა გამოიყენოს?

_ თავისთავად. დიპლომატიური ენა და ამასთანავე საჭიროა ჩვენი მხრიდან ძალიან ფრთხილი მიდგომა. რაც შეეხება დასავლეთს, ისიც კი მაქსიმალურად სიფრთხილეს იჩენს. პომპეოს განცხადება იყო და ის კი არ თქვა, რომ ლუკაშენკო უნდა გადადგეს და ხელისუფლებას დაუთმოს ოპოზიციასო, არამედ მან თქვა, რომ სანქციები განიხილებაო და ყველანაირ შესაძლებლობას განვიხილავთო. მას არ უთქვამს, რომ სანქციებს აუცილებლად მივიღებთო. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბელორუს ხალხს მაქსიმალურად გამოადგებაო.

ანუ, ეს საკმაოდ მოქნილი ფრაზა იყო. ეს არ ნიშნავდა, რომ ოპოზიციას ლუკაშენკოს ჩამოგდებაში დაეხმარებიან და ა. შ. აშშ და ევროპაც კი მაინც ფრთხილობენ. იმის მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ ნორმების დარღვევებზე რეაგირება არ გააკეთონ. იმიტომ, რომ ისინი არიან დემოკრატიული ღირებულებების დამცველები მსოფლიოში. მაგრამ მაინც ფრთხილობენ. იმიტომ, რომ ესმით, რომ ქვეყანა მოწყვლადია და ესმით, რომ შეიძლება მთლიანად ჩაუვარდეს ხელში რუსეთს. მაშინ ნებისმიერ ბერკეტს დაკარგავენ. მათ შორის იმას, რომ ბელარუსმა ხალხმა დემოკარატიისკენ სვლა გააგრძელოს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად