“ჯორჯიან ეარვეისი”: მგზავრებს, თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს შევთავაზებთ

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი 8 ივლისიდან, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუკრძალავს, მაშინ ავიაკომპანია მგზავრებს ალტერნატიულ გზას შესთავაზებს.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს.

მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი.“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

შექმნილი აგრესიული ვითარებისა და დაძაბულობის ფონზე, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...