ჯონსონი: თუკი Brexit-ის შეთანხმება ვერ გავაფორმეთ, ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს მაინც დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თავის სტატიაში, რომელიც გაზეთ The Daily Telegraph-ში გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ლონდონი და ბრუსელი შეთანხმდებიან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პირობების შესახებ.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ, დიდი ბრიტანეთი მაინც დატოვებს ევროკავშირს, რაც 31 ოქტომბერს მოხდება.

„თუკი ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ საკმარისს პროგრესს უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინ მე წავალ სამიტზე 17 ოქტომბერს, რათა გავაფორმო საბოლოო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც დაიცავს ჩვენს ბიზნეს ინტერესებსა და მოქალაქეებს“, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, მას სჯერა, რომ მხარეები შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას და რომ შეთანხმება იქნება როგორც დიდი ბრიტანეთის ინტერესებში, ასევე იგი ევროკავშირის ინტერესებშიც შევა. ამასთან, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბრუსელმა და ლონდონმა უკვე ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დახარეს აღნიშნული შეთანხმების გასაფორმებლად.

„თუმცა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუკი ვერ მოხერხდა ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის, გაერთიანებული სამეფო მაინც ყველა ვარიანტში დატოვებს ევროკავშირს“, – განაცხადა ჯონსონმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი სცენარი მას საერთოდ არ მოსწონს, თუმცა მაინც მზად არის მოვლენების ამ გზით განვითარებისთვის.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,9%-მა დაუჭირა. თავიდან იგეგმებოდა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 29 მარტს დატოვებდა, თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ბრუსელთან შეთანხმების გაფორმება ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად