ჯონ ბოლტონი მზადაა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე სენატში ჩვენება მისცეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი მზადაა, სენატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოსმენაზე გამოცხადდეს იმ შემთხვევაში, თუ დაიბარებენ,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

”თუ სენატი დამიბარებს, მაშინ ჩვენების მისაცემად მზად ვარ” ,- განაცხადა ჯონ ბოლტონმა და აღნიშნა, რომ მან აღნიშნული გადაწყვეტილება ”საკითხის ფრთხილად განხილვისა და შესწავლის შემდეგ” მიიღო.

2019 წლის ბოლოს, წარმომადგენელთა პალატამ, რომელთა უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. კონგრესმენთა შეფასებით, დონალდ ტრამპმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის სთხოვა, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიება დაეწყო. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატამ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა კონგრესში საქმის გამოძიებას ხელი შეუშალა.

ახლა სენატმა უნდა დაადგინოს, ნამდვილად უნდა დატოვოს თუ არა პრეზიდენტმა თანამდებობა. დონალდ ტრამპის გადადგომისთვის სენატორების მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერააა საჭირო. რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას წარმოადგენს  და არცერთ რესპუბლიკელს არ გამოუთქვამს მზადყოფნა, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს.

ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის თანამდებობას 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა. ის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებთან დაკავშირებით თავისი მკაცრი მიდგომებით გამოირჩეოდა.

თარგმნა თაკო ჩხაიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად