ჯონ ბოლტონი ჩინეთის მთავრობას მოუწოდებს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ჩინეთის მთავრობას მოუწოდა, ჰონგ-კონგში მომიტინგეების წინააღმდეგ აგრესიული ზომები არ მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს კონგრესიდან საპასუხო დარტყმას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობის მხრიდან ჰონგ- კონგში მომიტინგეების მიმართ აგრესიული ქმედებების განხორციელება „შეცდომა“ იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს კონგრესი საპასუხო ზომებს მიიღებს.

”კონგრესში განწყობა ამ ეტაპზე ძალიან არასტაბილურია და, ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობის ერთი არასწორი ნაბიჯი აფეთქებას გამოიწვევს”, – აღნიშნა ბოლტონმა.

14 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებაში ჩარევისგან თავი შეიკავოს, რადგან “ეს ჩინეთის შიდა საქმეა”.

იმავე დღეს, ჰონგ-კონგში, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში იყვნენ შეკრებილები.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები ახალგაზრდას თავს დაესხნენ. ჩინური გამოცემა Global Times- ი იტყობინება, რომ ის მათი კორესპოდენტია. დემონსტრანტებმა მის ზურგჩანთაში მაისური იპოვეს, წარწერით: “მე მიყვარს ჰონგ კონგის პოლიცია”.
აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდა სცემეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გონება დაკარგა.

South China Morning Post-ის ცნობით, მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი ჩინეთის აგენტი იყო და ფარულად მუშაობდა. მომიტინგეებმა პოლიციის ავტომობილის საქარე მინები დააზიანეს.
როგორც Associated Press- ი იტყობინება, მოგვიანებით, მომიტინგეებისა და პოლიციელების უმეტესობამ აეროპორტის შენობა დატოვა.
მომიტინგეებმა აეროპორტის შენობა 12 აგვისტოს დაიკავეს. ამის შემდეგ, ფრენები ორშაბათს, დღის ბოლომდე ბოლომდე გაუქმდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეები მგზავრების რეგისტრაციასა და შემოწმებას ხელს უშლიდნენ. მეორე დღეს სიტუაცია განმეორდა. ყველა მგზავრს აეროპორტის შენობის დატოვება ურჩიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...