ჯო ბაიდენმა ისრაელის უსაფრთხოებას მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას დაგმო „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების სარაკეტო იერიშები, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმზე. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

ბაიდენმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის უსაფრთხოებას და მის კანონიერ უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი და დაიცვას სამოქალაქო პირები. თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს რეგიონში სიმშვიდის აღდგენას. ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ მთელი მსოფლიოს მორწმუნეებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორიც იერუსალიმია, მშვიდობის ადგილი უნდა იყოს.

ბაიდენმა ნეტანიაჰუს მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ის დიპლომატიურ კონტაქტებზე რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, ეგვიპტესთან, იორდანიასა და ყატართან და პალესტინელთა ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება ისრაელის არმიის და პალესტინელთა დაჯგუფება “ჰამასის” შეიარაღებული დაპირისპირება. კონფლიქტი უკიდურესდ გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული სამი დღის განმავლობაში, ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულია სულ მცირე 67 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი. დაჭრილია 388. ისრაელის მონაცემებით, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვი და სამხედრო მოსამსახურე. 100-მდე დაჭრილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...