ჯო ბაიდენი შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენი შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო და მოუწოდებს დაუყოვნებლივი დეესაკალაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისკენ.

მან განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ და რუსეთს მოუწოდოს, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება კონფლიქტის ორივე მხარისთვის.

“ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა, ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად, მშვიდობიანი დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის ზომების მისაღწევად”, – აცხადებს ბაიდენი.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის ახალი საომარი მოქმედებები შესაძლოა უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტად იქცეს. ამასთან დაკავშირებით, როგორც ბაიდენის გზავნილშია ნათქვამი, კავკასიაში მდებარე სხვა ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ ამ კონფლიქტისგან და მინსკის ჯგუფის შუამავლებმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ მოლაპარაკებები.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ივლისში გამწვავდა. ქვეყნებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

27 სექტემბერს დილით, საომარი მოქმედებები განახლდა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. ბაქომ განაცხადა სომხეთის მხრიდან ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი დაბომბვის შესახებ, ერევანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა პირველმა დაბომბა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე მეტი ასაკის პირთა საერთო მობილიზაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად