ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს

ჯო ბაიდენის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„ჩემი თეთრ სახლში ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში კონგრესს მივმართავ წინადადებით, რომლითაც დავსახავ გზას, რომ აშშ-ში მყოფმა 11 მილიონმა არალეგალმა მიგრანტმა მოქალაქეობა მიიღოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში დარჩენასა და მოქალაქეობის მიღებას​ არასრულწლოვანი მიგრანტებიც შეძლებენ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენს საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებისთვის რვა წელი ჰქონდა და ეს ვერ გააკეთა. მისივე განცხადებით, არასრულწლოვანი მიგრანტები აშშ-ში „ცუდ ადამიანებს“ და „კრიმინალურ კარტელებს“ ჩაჰყავთ.

„ახლა ჩვენ გვაქვს უფრო მტკიცედ გამაგრებული საზღვარი. ჩვენ გვაქვს 400 მილის სიგრძის სრულიად ახალი კედელი. ჩვენ ქვეყანაში ხალხს მხოლოდ ლეგალურად ვუშვებთ და ასეც უნდა იყოს. მედიით გავრცელდა საშინელი საკნების, გალიების ფოტოები და ამბობდნენ, რომ ეს საკნები ტრამპმა მოაწყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი 2014 წელს დაამონტაჟეს, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად