ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ!

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა და რუსეთის მცდელობები, აღკვეთოს შეკრების თავისუფლება, ჩვენთვის და მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი საკითხია. ნავალნი მიზნად ისახავდა კორუფციის გამომჟღავნებას. ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ”, – თქვა მან.

“დასრულდა ის დღეები, როდესაც შეერთებული შტატები მიდიოდა დათმობებზე რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების წინაშე, ჩვენს არჩევნებში ჩარევის, კიბერშეტევებისა და მოქალაქეების მოწამვლის ფონზე”, – აცხადებს ბაიდენი.

ამას გარდა, ნავალნის გათავისუფლება მოითხოვეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, დასავლეთის ლიდერების მოთხოვნებზე რეაგირებისას, განაცხადა, რომ დასავლეთში რუსეთში მიმდინარე მოვლენები “სპეციფიკური და ცალმხრივი გზით შუქდება”. მან ასევე დასავლეთს ბრალი დასდო, რომ მისი რეაქცია გადაჭარბებული და “ისტერიულია”.

მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით, ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შიდა პატიმრობაში გაატარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...