ჯიმ რიში: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჯიმ რიში  „ტვიტერში“.

შეგახსენებთ: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 % -ის, არამედ ხმების 53%- ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

 

 

 

კომენტარები
იტვირთება...