ბათუმი საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდა, ლოკომოტივი გინესის რეკორდზე მიდის

“კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის მე-5 ტურის პირველმა სათამაშო დღემ კიდევ უფრო თვალსაცინო გახადა თბილისის „ლოკომოტივში“ გამვთარებული მწვავე კრიზისი.

გუნდი, რომელიც პანდემიის დაწყების მომენტისთვის ერთიპროვნული ლიდერი იყო და ჩემპიონატის განახლებას ქულათა მაქსიმუმით შეხვდა, უკან უკან მიდის და არა მხოლოდ ვეღარ ახერხებს ქულების დაგროვებას, არამედ სულ უფრო უსუსურ შთაბეჭდილებას სტოვებს – განსაკუთრებით დაცვის ხაზში.

არადა, მისი დაპირისპირება ბათუმის „დინამოსთან“ წინდაწინ მოინათლა ტურის მთავარ შეხვედრად. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ მატჩში ვერცერთი გუნდი ვერ შეძლებდა მოწინააღმდეგის დაჩაგვრას და მოედანზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდებოდა. შეხვედრას ინტერესს ისიც მატებდა, რომ „ლოკომოტივს“ ახალი მთავარი მწვერთნელი ჰყავდა – გია ჭიაბრიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, ბათუმელთა თავკაცის – გია გეგუჩაძის შეგირდად ითვლება. მცირე გადახვევა: „ლოკომოტივს“ სეზონის სტარტიდან პირველ ხუთ ტურში უკვე მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს და გადასამოწმებელია – შესაძლოა, გინესის რეკორდიც კი იყოს მწვრთნელების შეცვლის სისწრაფის თვალსაზრისით.

მოლოდინი არ გამართლდა და ოსტატმა გეგუჩაძემ თავისი შეგირდი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ზედმეტად იოლად დაამარცხა. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გადაწყდა, როცა ზღვისპირელებმა ახალგაზრდა კიპერ მამარდაშვილის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მეორე ორმოცდახუთწუთეულს ფორმალური ხასიათიღა ჰქონდა. ამ სამიდან ორი გოლი ბრაზილიელი შემტევის – ჯოვინო ფლამარიონის ანგარიშზეა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა მხოლოდ გოლები გაცვალეს, რაც ასევე ვერ ჩაითვლება „ლოკოს“ აქტივში, რადგან ჯიღაურის გოლი რიგით მეოთხე იყო და ამ ნეგატივით კიდევ უფრო ხაზი გაესვა ამ გუნდის დაცვითი ხაზის უუნარობას: წინა შეხვედრაშიც, „ლოკომოტივმა“ ასევე ოთხი გოლი გაუშვა.. ბათუმელებს სხვა არაერთი ხელსაყრელი ეპიზოდიც ჰქონდათ გოლის გასატანად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიაბრიშვილს პირველ რიგში საკუთარი გუნდის დაცვითი ხაზის მოსულიერება-მოფერიანებაზე მოუწევს დიდი სამუშაოების ჩატარება. ბათუმის „დინამომ“ პირველი გამარჯვება იზეიმა, :ლოკომოტივის“ მსგავსად 7 ქულა დაუგროვდა, ლიდერ თბილისის „დინამოსაც“ უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება (თუმცა დედაქალაქელებს ერთი შეხვედრით ნამკლები აქვთ ჩატარებული) და უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაება.

მე-5 ტური

9 ივლისი

სამტრედია – ჩიხურა 0:0
ლოკომოტივი – დინამო ბთ 1:4

სტატიის ავტორი მიხეილ აბაიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად