“ჯერ გახარია დაკითხონ” – უგულავამ პოლიციის გამოკითხვის უწყისი არ ჩაიბარა

“ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივანს გიგი უგულავას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები “ტვ პირველთან” დახვდნენ და მისთვის გამოკითხვის უწყისის ჩაბარებას ცდილობდნენ. უგულავამ უწყისი არ ჩაიბარა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს, სადაც უგულავა გადაცემაში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

მიზეზი რატომაც უგულავამ უწყისი არ ჩაიბარა, განმარტება “ტვ პირველთან” ადგილზევე გააკეთა:

“გამოვედი თქვენი ტელევიზიიდან, დამხვდა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და მთხოვა, რომ ჩამებარებინა უწყისი, მოწმის სახით გამოკითხვაზე გიბარებთო, რაზეც მე ვუთხარი ის, რასაც 2 კვირაა საჯაროდ ვიძახი – გამოკითხვაზე პოლიციაში მას შემდეგ მივალ, როდესაც მივა გახარია.

გამოძიებას თუ რამე აინტერესებს, გახარია უნდა დაიკითხოს. თუ გახარია არ დაიკითხება, გამოძიებას არაფერი არ აინტერესებს. პოლიცია, რომელიც რაღაცას იძიებს და რომლის მონაწილე მათი მინისტრია, მაშინ პირველ რიგში მივიდეს გახარია. მაშინ მეც მივალ გამოკითხვაზე.

როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ვაცხადებ, თუ მომივა უწყისი მაგისტრ მოსამართლესთან, მივალ რაც საჯარო პროცედურაა და არა რაღაც გაუგებარი გამოკითხვა, რომლის მიზანი და მიზეზი სამწუხაროდ თვითონაც არ ესმით”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

პოლიცია უგულავას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იბარებს, თუმცა პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მზად არის სასამართლომ გამოკითხოს, პოლიციაში კი იმ შემთხვევაში მივა თუ ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს გამოკითხავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...