ჯავახეთში 3 ახალი დაცული ტერიტორია: ფარავნის, საღამოს და აბულის ტბების აღკვეთილი შეიქმნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხვალ, პირველი მოსმენით განიხილება “ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

ცვლილებების ავტორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კანონის პროექტის მიღების მიზეზია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება და შესაბამისად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და მართვის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი დარეგულირების საჭიროება.
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ჯავახეთის ზეგანის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გლობალურად მოწყვლადი და ეროვნული მნიშვნელობის მქონე სახეობების, პოპულაციების დაცვის და მათი ჰაბიტატების დეგრადაციის აღკვეთის საჭიროებით.

კანონპროექტით, ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილება, კერძოდ, კანონის მე-3 და მე-9 მუხლები ყალიბდება ახალი რედაქციით და დამატებით იქმნება სამი დაცული ტერიტორია: ფარავნის, საღამოს და აბულის ტბების აღკვეთილი.

კანონის პროექტის მიღების მიზანია აღნიშნული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემის შესაბამისი დაცული ტერიტორიის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რათა შესაძლებელი იყოს მოკლევადიან პერიოდში, აღნიშნული ეკოსისტემის დაცვა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში – მისი გაუმჯობესება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...