A1 ბანერი

ჯაში: სპეცპედაგოგები გახდნენ მასწავლებლის სქემის ნაწილი და 2019 წლიდან იზრდება მათი საბიუჯეტო გარანტიები

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სისტემური რეფორმების თვალსაზრისით.

„პირველ რიგში, მინდა დავასახელო ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მანდატურის სამსახურში მიმდინარეობს რეფორმა 2018 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც მოიაზრებს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების მონიტორინგის გაუმჯობესებას, მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული მზადების თვალსაზრისით აღნიშნული კრიტერიუმების გაუმჯობესებას და საგანგებო სიტუაციების მართვისა და მზაობისთვის მანდატურის სამსახურებისთვის ახალი დატვირთვის მინიჭებას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, კომიტეტი დააკვირდება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესს.  

მან ყურადღება გაამახვილა, ასევე, პროფესიული განათლების რეგულირებზე. აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ არა მხოლოდ მოაწესრიგა განათლების სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური – პროფესიული განათლების ძირითადი, საბაზისო რეგულაციები, არამედ სამი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ პრაქტიკაში.  საკანონმდებლო ჩიხი არის აღმოფხვრილი და 2019 წლის საგაზაფხულო მიღებიდან მოსწავლეებს შეეძლებათ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ კოლეჯში მიიღონ ინტეგრირებული სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობა, რომელიც მათ პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად მიანიჭებს საატესტატო კვალიფიკაციასაც. მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ ეკონომიკური საქმიანობებიდან შემოსული შემოსავლების რეინვესტირების საშუალება კოლეჯის განვითარების ინიციატივებში. ჩვენ წელს, 2019 წლიდან გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ კერძო კოლეჯებს სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროგრამებში თანაბარი მონაწილეობის საშუალება მიეცემათ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილ კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც ემსახურება კრიტიკული საკადრო დეფიციტის აღმოფხვრას. კერძოდ, მოხდა მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის შემოღება.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეცპედაგოგები გახდნენ მასწავლებლის სქემის ნაწილი და 2019 წლიდან იზრდება როგორც საბიუჯეტო გარანტიებით, ასევე, რეგულაციებით მათი პროფესიული მოტივაციის შესაძლებლობა.

მარიამ ჯაშის  ინფორმაციით, კომიტეტმა ჩაატარა 37 სხდომა, აქედან 11 საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტს წარმოადგენდა.

მისივე განცხადებით, კომიტეტის წევრებმა 50-ზე მეტი ვიზიტი განახორციელეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, და 30-ზე მეტი ვიზიტი კულტურის სფეროს დაწესებულებებში.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით აღნიშნულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, მოსწავლეებს სტუდენტებს, რათა მაქსიმალურად იყოს მათი პოზიციები და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები ასახული ახალ საკანონმდებლო ინიციატივებში.


კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით,  2018 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედება. მას განათლების დაფინანსების გაზრდა გასული წლის მნიშვნელოვან შედეგად მიაჩნია, თუმცა მისივე თქმით ეს არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურული თუ სკადრო ანაზღაურების პრობლემების გადასაჭრელად.

„ჩვენ ვიმუშავებთ  როგორც სახელმწიფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დამატებით ფინანსური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაგეგმარების ფარგლებში კულტურულ დაწესებულებათა ბიუჯეტის ზრდაზე, რომელიც მისივე თქმით, ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.

მარიამ ჯაშმა 13-15 თებერვალს კომიტეტის გასვლითი სხდომა დააანონსა, რომელზეც  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წლის სამოქმედო გეგმას შეაჯერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...