ჯაში მმართველ გუნდს: თუ მომდევნო თვეების მანძილზე ეპიდსიტუაცია არასტაბილური უნდა იყოს, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე

“თუ მომდევნო თვეების მანძილზე ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, რადგან არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, თუნდაც ერთი ახალი შემთვევის აღმოჩენის დროს მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის იზოლაციის და დაკეტვის შესაძლებლობა ჰქონდეს”.

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტის ბუროს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია ეპიდსიტუაციის მართვის დროს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა მსგავსი ტენდენციები. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები გარკვეული მანიპულირებების საშუალებას იძლევა ხელისუფლებებისთვის არამხოლოდ საქართველოში, არამედ არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ რომ გვქონდა რეგულარული კომუნიკაცია, ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან რეგულარული დიალოგის საშუალება საპარლამენტი ფორმატში, ამდენი კითხვა შეიძლებოდა არ ყოფილიყო. ვიდრე არ მოხდება დეტალური კონსულტაცია, როგორც ჯანდაცვის უწყებასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მიმართებაში, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ კანონპროექტზე. დიდი ალბათობით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო იმიტომ, რომ არ არის საკმარისი არგუმენტაცია“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ: პარლამენტში ინიცირება მოხდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის, რომლის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად