ჯარისკაც ბექა რუსიას გარდაცვალების საქმეზე, შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი", – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელის ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. 2017 წლის 28 ოქტომბერს დ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება ბ. რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბ.რ-ს ოჯახის წევრებს, აღნიშნულ საქმეში ისინი დაზარალებულად არიან ცნობილი და სრულად იცნობენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მათთან არაერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო-ვიდეო მასალა არ წარმოუდგენიათ. გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა კომუნიკაცია ბ.რ.-ს ოჯახის წევრებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან. მათ მოითხოვეს შეხვედრის გადადება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. .
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად