ჯაფარიძე შსს-ს: მე კანონს არ ვარღვევ, ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მომცა

“მე კანონს არ ვარღვევ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მომცა იმის უფლება, რის გაკეთებასაც 20 ოქტომბერს ვაპირებ“ – ასეთია „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე პირადად მაქვს ჩადენილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი – 2016 წლის 31 დეკემბერს მე დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები და მაშინ მე კონკრეტულად დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი კანონდარღვევას გულისხმობდა. რის გაკეთებასაც მე ვაპირებ 20 ოქტომბერს, ასევე არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამჯერად მე კანონს არ ვარღვევ იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ რასაც მე იქ გავაკეთებ, ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მომანიჭა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი და ვახო მეგრელიშვილის საქმეზე გულისხმობდა იმას, რომ მე მაქვს იმის გაკეთების უფლება, რის გაკეთებასაც ვგეგმავ 20 ოქტომბერს. ანუ ეს დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც გაბატონებულია. ეს არის მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა გირჩისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მომცა, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობდა ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, მინდა, ვუთხრა, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება ისე, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი – 20 ოქტომბერს, 4:20 საათზე, დედა ენის ბაღში.

ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მოსულ ადამიანს არავინ თხოვს, არც მე და არც გირჩი, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მხოლოდ მე, ამ ქვეყნის მოქალაქე, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. ეს მინდა გასაგები იყოს ყველასთვის.

ყველა ადამიანი, ვინც იქ მოდის, მოდის გასართობად და დასასვენებლად. პირადად მე ვაპირებ, რომ იქ მოვიდე ოჯახთან, ბავშვებთან ერთად. თუ შსს-ს განცხადება მართლა სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს. მე არ მჯერა, რომ მათი განცხადება სერიოზულია, მაგრამ მაინც, კარგი შანსია, მოხვიდეთ, გაერთოთ, დაისვენოთ და, შესაძლოა, ნახოთ ისტორიული მომენტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ – ფესტივალი ჩატარდება ზუსტად ისე, როგორც იყო დაგეგმილი და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ და ერთად გავერთოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უპასუხა.

20 ოქტომბერს, 4:20 საათზე დედა ენის ბაღში „გირჩის“ ორგანიზებით კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „გირჩის“ მიერ დაანონსებული ფესტივალი დანაშაულის განზრახვის ორგანიზება, სამართალდარღვევის ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისებაა, ჩაერთონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად