ჯაფარიძე ”რუსთავი 2”-ის საქმეზე: ”ოცნებას” სტრასბურგის გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს

”გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე facebook-ის გვერდზე ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და დასძენს, რომ ”ოცნებას” სტრასბურგის არათუ ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, არამედ ვერაფერი.

” სტრასბურგმა თქვა ქიბარისაა ეგ ტელევიზიაო, ეგ თქვა საბოლოო ჯამში. ქიბარს რომ უბრალოდ “ჩაბარებული” ჰქონდა ეგ ტელევიზია თავის დროზე, ეგ სტრასბურგმა არ იცის და არც აინტერესებს.  aც ის უამრავი არასწორი რამ აინტერესებს, რაც ამ ტელევიზიის თავს მოხდა, ქიბარამდეც და ქიბარის შემდეგაც.

არც ის, რომ ქიბარის გაცოცხლება ამ საქმით და მთელი ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია. ხელისუფლებისადი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია

დარწმუნებული ვარ, ამჟამინდელი მფლობელები გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას, თუ ასეთი რესურსი კიდევ არის დარჩენილი. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრასბურგის გადაწყვეტილებების პატივისცემა. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების პატივისცემა, რომლებიც პრაქტიკულად ეხება საკუთრების უფლებას. მხოლოდ ეს დაგვაცილებს რუსეთს და არა სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კრემლის ხელის ძიება.

პ.ს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეზღუდავს, ვერც ოპოზიციურად განწყობილი მედიების შექმნას შეაფერხებს ვინმე.

პ.პ.ს. ”ოცნებას” სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, ვეღარაფერი გადაარჩენს”,-წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს პოზიციის განმარტება, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს. კერძოდ, დე გაეტანო მიიჩნევს, რომ საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...