ჯაფარიძე: კალაძის განცხადებისა და პატრულის გააქტიურების მიზანი იმ ხალხის დაშინებაა, ვისაც ”შმაქსაობა” უნდა

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები და პატრულის აქტიურობა “შმაქსების” მიმართ ერთადერთ მიზანს ემსახურება – შეაშინონ ის ხალხი, ვისაც “შმაქსაობა” უნდა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, თბილისში უკვე 60-ზე მეტი “შმაქსი” მოძრაობს.

“არ შეგეშინდეთ. ზუსტად იგივე ხდება რაც ბთ-ზე:

1. სისტემა გვებრძვის ფორმალური წესებით.

თბილისში უკვე მოძრაობს 60-ზე მეტი შმაქსი. გუშინ ღამე ჩვეულებრივი ნადირობა ჰქონდა პატრულს გამოცხადებული. ყველა გააჩერეს. ვერავის ვერაფერი უქნეს, თუ შმაქსის მასწავლებელმა დაიცვა ყველა ფორმალობა, პატრულს უთხრა, რომ ის მასწავლებელია და მგზავრს ფულს ახდევინებს განათლებაში და არა ტრანსპორტირებაში.

დააჯარიმეს ორი შმაქსი. ორივე იმის გამო, რომ პატრულს უთხრეს, ტაქსაობენ და მგზავრი არ გააფრთხილეს, რომ ეს შმაქსი იყო და არა ტაქსი. ალბათ, შეეშინდათ და დაიბნენ.

2. სისტემა ცდილობს, შეაშინოს ადამიანები

კალაძის განცხადებები და პატრულის აქტიურობა შმაქსების მიმართ ემსახურება ერთადერთ მიზანს – შეაშინონ ის ხალხი, ვისაც უნდა შმაქსაობა. ზუსტად იციან, რომ თუ თბილისში გამოჩნდა რამდენიმე ასეული შმაქსი, ბრძოლა წაგებული აქვთ. ამიტომ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების ამ სტრატეგიის განეიტრალება:

1. ფორმალური წესები უნდა დაიცვას ყველა შმაქსისტმა. მათ მომზადებაზე და აღჭურვაზე მეტ დროს დავხარჯავთ.

2. არ უნდა შეგვეშინდეს. პირიქით, წყნარად, ზედმეტი ემოციების გარეშე, უნდა გავზარდოთ შმაქსისტების რაოდენობა.

საბოლოო ჯამში, რაოდენობა იგებს ასეთ ბრძოლებს.

ბთ-ზე ზუსტად იგივე გზა გვაქვს გავლილი. ზუსტად ასე გვემუქრებოდა ხან საპატრიარქო, ხან სესიაშვილი, ხან ღარიბაშვილი. მაგრამ უშედეგოთ. მოკლედ, არ შეგეშინდეთ”,-წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ დღე-ღამის განმავლობაში სულ 3 “შმაქსი” დაჯარიმდა. როგორც საპატრულო პოლიციაში “აიპრესს” განუცხადეს, აქედან ორი დაჯარიმებულია ლიცენზიის არქონის, ერთი კი ფერის გამო.

გუშინ,  დედაქალაქის მერი კახა კალაძე „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა: 

შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“.

შეგახსენებთ, „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. პარტიამ ამ ფორმით ტაქსების რეგულაციები გააპროტესტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად