ჯანმო-ს ექსპერტთა პირველადი დასკვნით, ახალი კორონავირუსი ცხოველური წარმოშობის არის

სავარაუდოა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველად ცხოველებში გაჩნდა ჩინეთის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ს უთხრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მიერ, ვირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჩინეთში მივლენილი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, პიტერ დაშაკმა.

ექსპერტთა პირველადი შეფასებით, ახალი სახეობის კორონავირუსი თავდაპირველად გაუჩნდათ ღამურებს, რომლებმაც მოშინაურებულ ველურ ცხოველებს გადასდეს და მათგან გავრცელდა ადამიანებზე. ასეთი იყო ჩინელი მეცნიერების თავდაპირველი ვერსიაც. რაც შეეხება თეორიას, ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ეს ვერსია იმდენად სუსტია, რომ შემდგომ შესწავლას არ იმსახურებს.

ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უჰანის ბაზარშიც, რომელიც ახალი ვირუსის გავრცელების სათავედ ითვლება და შეხვდა ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს მკურნალობდნენ. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტებს არ მისცეს ყოფილ პაციენტებთან შეხვედრის უფლება და არც მათი მონაცემები მისცეს.

უჰანიდან გასულ კვირაში დაბრუნებული ექსპერტები ვირუსის შესაძლო წარმომავლობის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...