ჯანმო-მ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსული პანდემიის გამო, საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა ჟენევაში, 31 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომიტეტი “ერთხმად დათანხმდა, რომ პანდემია კვლავ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საგანს”. კომიტეტმა წარუდგინა რეკომენდაცია ამ რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს, რომელიც მას დათანხმდა. ამასთან დაკავშირებით, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, კომიტეტი ისევ შეიკრიბება სამ თვეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიტყვით გამოსვლისას ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პანდემია “არის კრიზისი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება, მისი შედეგები იგრძნობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც.” მისი თქმით, ამ დროისთვის “ბევრი საკითხი მოგვარებულია, მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ პასუხი უნდა გაეცეს.” ჯანმო-ს იმუნიტეტის შესწავლის მონაცემების თანახმად, “მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ვირუსისადმი მგრძნობიარე რჩება”.

ეს იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის მეოთხე შეხვედრა, რომელსაც 18 ექსპერტი და 13 კონსულტანტი ესწრებოდა. მისი მიზანია შეაფასოს არსებული ვითარება მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ და შეიმუშაოს რეკომენდაციები ინფექციის გავრცელებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. წინა სამი შეხვედრა გაიმართა 22-23 იანვარს, 30 იანვარს და 30 აპრილს. 30 იანვარს, კომიტეტის წევრების რეკომენდაციით, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად