ჯანმო: ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ სრულად ვაქცინირებულებს დამატებითი დოზები დასჭირდებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზების მიღების რეკომენდაციას ჯერ არ იძლევა, როგორც ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია Pfizer იუწყებოდა. ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულია, რომ ვაქცინის ორივე დოზა ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლებმა მიიღონ.

მან განმარტა, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა მოსახლეობა ვაქცინის ორივე დოზით, სრულად აცრას. გებრეისუსმა ქვეყნების მთავრობებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვაქცინების თანაბარ განაწილებაზე იზრუნონ.

”ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სრულად ვაქცინირებულებს ვაქცინის დამატებითი დოზები დასჭირდებათ”, – აღნიშნა ჯანმო-ს იმუნიზაციის ექსპერტმა, ენ ლინდსტრანდმა.

მან დაადასტურა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, კონკრეტული ვაქცინის ეფექტურობა მცირდება, თუმცა რამდენი ხნის შემდეგ ეს უცნობია.

ამავდროულად, ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში მცირდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

კომენტარები
იტვირთება...