ჯანეზაშვილი: ვულოცავ, დღეს რამდენიმე გამოცდილი და ღირსეული ადამინი დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თვალს ვადევნებ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას, რომელშიც სამწუხაროდ მე მონაწილეობას ვერ ვღებულობ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა და მინდა გაგიზიაროთ

1.დავიწყოთ დადებითით – დღეს რამდენიმე გამოცდილი და ღირსეული ადამინი დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ და მე ვულოცავ მათ! ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. კლანი იძულებულია კომპრომისზე წავიდეს.

2. საბჭოს მდივანი გახდა უვადო მოსამართლე, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა ეს დანიშვნა არ გამორიცხავს, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზეც გააკეთოს განაცხადი. დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის გარანტიაა, რომ მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში საქართველოს პარლამენტი, ის ნებისმიერ შემთხვევაში უვადო მოსამართლეა.

3. საბჭოს სამმა წევრმა, რომლებიც ისედაც უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან, უარი თქვა მათი კანდიდატურების განხილვაზე. როგორც ჩანს ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის და თანაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვიღაცეების გადასვლა უზენაეს სასამართლოში ასე მარტივი არ იქნება.

4.ლელა ჭინჭარაული დაინიშნა მოსამართლედ, ადამიანი, რომელიც იყო ბოლო კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება თვეების განმავლობაში გაუგებარი მიზეზებით არ ტარდებოდა. მან გასაუბრებაზე მე ვერ დამარწმუნა, რომ მას გასაუბრების არჩატერების ყველა შემთხვევაში ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ცნობისათვის მან მე-7 ჯერზე მოგვმართა და როგორც იქნა დაინიშნა. ამ ამბავზე მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ “მონიტორის” ფილმი –  “კლანი უნდა წავიდეს”: ბრძოლა უზენაესისთვის.

5. ისევე, როგორც სხვა კონკურსების დროს, ამჯერადაც გარედან კადრების შემოდინების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია.

6. კონკურსში მონაწილეობდა რამდენიმე ძალიან კვალიფიციური კანდიდატი, მაგრამ ახლაც გაუგებარი მიზეზების გამო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ თერჯოლის მუნიციპალიტეტში ლელა ჯინჭარაული გაამწესა.

შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გაამწესა 

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 72 კანდიდატიდან 43 მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეებს ირჩევს. კენჭის ყრის პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგიძლიათ იხილოთ აქ, კანდიდატ მოსართლეთა (სია)

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...