ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადება აღიარება იყო, რომ გარიგება მოხდა

ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საბჭოს მოსამართლე წევრის ირაკლი შენგელიას იმ განცხადებაზე განაცხადა, რომელმაც მას უთხრა, რომ ჩინჩალაძის მადლობელი უნდა იყოს, რადგან დღეს საბჭოს წევრია.

“დღევანდელი დღე იყო ჩვეულებრივი აღიარება, რომელიც ემოციურ ფონზე გააკეთა ირაკლი შენგელიამ. იყო წამოცდენა, მაგრამ თავისი შინაარსით იყო აღიარება. მე იუსტიციის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2017 წელს ამირჩია. 108 დეპუტატმა დამიჭირა მხარი და რამდენადაც ვიცი, სხვას არავის არასდროს მიუღია ამდენი ხმა. ეს იყო და არის ჩემთვის დიდი პატივი და ვამაყობ ამით. მაგრამ, როდესაც მოსამართლე წევრი, რომლის პოზიციებსაც არ ვიზიარებ და მიუთითებს ჩინჩალაძეზე, რომ ჩინჩალაძის მადლიერი უნდა ვიყო, რადგან საბჭოს წევრად ამირჩიეს. პირდაპირ მიმანიშნა, მანდ რომ ზიხარ, ჩინჩალაძის დამსახურებაა. ეს იმის ნიშანია, რომ როგორც ჩანს თავის დროზე კანიდატებთან დაკავშირებით იყო გარიგება. ნათელმირონობა აკავშირებს თუ რაღაც ნათესაობა ირაკლი შენგელიას საბჭოს ერთ-ერთ არამოსამართლე წევრთან ზაზა ხარებავასთან, რომელიც ასევე ჩემ დროს აირჩიეს, ასევე კიდევ 2 არამოსამართლე წევრიც.

როგორც ჩანს, მოლაპარაკების საგანი იყო, ვინ უნდა გამხდარიყო წევრი და ალბათ ამაზე ინფორმირებული იყო ჩინჩალაძე და ეს საკითხი მასთანაც გავლილი იყო. ალბათ ჩათვალეს, რომ ერთ ადამიანს რა უნდა ექნა ისეთი, რომ დავუშვათ რაიმე გავლენა მოეხდინა. ამ განცხადებას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩრდილს აყენებს პარლამენტის რეპუტაციას, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს მოსამართლე წევრი”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად