საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კრიტერიუმების შესახებ, რითაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი შეირჩა.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში წარვადგინე მიხეილ სარჯველაძე. შეხვედრა მქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვისაუბრე, მათ შორის იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. საკმაოდ ფართო კონსულტაციები, ინდივიდუალური კონსულტაციები გვქონდა იქამდე, ვიდრე არჩევანი შეჩერდებოდა მიხეილ სარჯველაძეზე. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს მიხეილ სარჯველაძეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მიხეილ სარჯველაძე იქნება საუკეთესო მინისტრი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რაც დაკავშირებულია სამედიცინო საქმიანობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.