ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მხარეებს 48 საათიან ვადას აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრო 48 საათიან ვადას აძლევს მხარეებს, რათა მათ მოაგვარონ შიდა პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდება C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომლის პროვაიდერი გახლავთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელონ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა. 

"მიუხედავავად სამინისტროს მხრიდან მრავალზის მოწოდებისა მხარეებისადმი, რომ კონფლიქტის გარეშე მოეგვარებინათ სიტუაცია და კლინიკა მუშაობის ნორმალურ ტემპს დაბრუნებოდა, დაპირისპირება კლინიკის თანამშრომლებსა და "ბლოკ ჯორჯიას" შორის კვლავ გრძელდება.

საიგენტო "აიპრესმა" ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის „ინფექციური სავადმყოფოს” 41 თანამშრომელი, საავადმყოფოს მეპატრონეს, კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას უპირისპირდება და უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

წერილს, რომლითაც მედპერსონალმა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას მიმართეს, ხელს 41 თანამშრომელი აწერს.

მათი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საავადმყოფოს თანამშრომლებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციების და მოთხოვნების განხორციელება დაიწყეს საავადმყოფოში. 

როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები "აიპრესთან" საუბარისას აცხადებენ, "ბლოკ-ჯორჯიას" დღემდე ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია. ის ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც რეგიონში გამართულად მუშაობს.

„მაშინ, როდესაც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო, სამინისტრომ გადაწყვიტა, პროგრამა დაწყებულიყო ჩვენთან. ჩამოვიდნენ ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროდან, მოგვცეს მითითებები. აარჩიეს 2 ოთახი, რომელიც ერთ თვეში ევროსტანდარტის შესაბამისად უნდა მოგვემზადებინა. 

მეორე დღეს, როგორც კი დავიწყეთ ოთახების მომზადება, ჩამოდიან „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენლები. გვითხრეს: ჩვენ ვართ მფლობელები, რემონტი რომ დაიწყეთ, ამის უფლება ვინ მოგცათ, აქ რომ 10 ავადმყოფი შემოვა, ამისთვის ფულის დახარჯვას ჩვენ არ ვაპირებდითო და საყვედური გვითხრეს.

ავუხსენით, მითითება გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროდან. ჩვენი საავადმყოფო არის მოგებაზე და ამის გაკეთების უფლება გვაქვს. გვიპასუხეს: ჩვენ ვართ მფლობელები, არ გაძლევთ ამისთვის ფულის დახარჯვის უფლებასო. ავუხსენით, რომ ყველაფერი მომზადებული გვაქვს, გვჭირდება მაცივარი და სეიფი, რომელიც აუცილებელია პროგრამის განსახორციელებლად. მოგვიტანეს მაცივარი, რომელიც არ მუშაობს. თუ გააღებ იშლება. ასევე სეიფი, რომელიც არ იღება. „ბლოკ ჯორჯიამ“ 8 წლის განმავლობაში პირველი რაც შემოიტანა, ეს ნივთები იყო. ჯანდაცვის სამინისტროდან ჩამოვიდნენ ექსერტები, რომლებმაც მოიწონეს ჩვენი გაკეთებული ოთახები. 

მიუხედავად იმისა, რომ „ბლოკ-ჯორჯია“ აცხადებდა 10 ადამიანისთვის ამდენი ხარჯს არ გავწევთო, 10 აგვისტოს ჩავერთეთ პროგრამაში. უკვე 300-მდე ადამიანმა მოგვმართა და დავარეგისტრირეთ. თუმცა, ალბათ პირველ რიგში ის არის გასარკვევი, როგორ აღმოჩნდა ზუგდიდის ინფექციური სავადმყოფო ამ კომპანიის ხელში. წინა წლებში ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე სამეგრელოში სიმბოლურ ფასად პრივატიზებულ იქნა მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯანდაცვის ობიექტები, მათ შორის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოც. რამდენიმე ეტაპის შემდეგ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო აღმოჩნდა შპს “ბლოკ-ჯორჯიას” მფლობელობაში ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, რაც ნიშნავს პირდაპირ ჩუქებას დაინტერესებულ კერძო პირზე და ობიექტის გაწირვას დასახურად, შესაბამისად, ავადმყოფების გაწირვას დასაღუპად, სერთიფიცირებული, კვალიფიცირებული პერსონალის დაკარგვას, ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლას, რაშიც “ბლოკ-ჯორჯიას” ინტერესები იკვეთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და საავადმყოფოს შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება, ადმინისტრაციას კი საჭირო სახსრები არ გააჩნდა.

9 წლის განმავლობაში "ბლოკ-ჯორჯიას" არც ერთხელ არ შემოუთავაზებია დახმარება, არ დაინტერესებულა ობიექტის მდგომარეობით და საჭიროებით, სამაგიეროდ, ხშირად გვემუქრებოდნენ ობიექტის დახურვით და სიტყვებით „არ გვჭირდება ეს დაწესებულება“, -განაცხადეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა.

„საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მეპატრონეებს შორის უთანხმოების შემდეგ „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენელი ლიკა ჯანაშვილი მეუღლესთან ერთად მოვიდა. მოჰყვა ერთ-ერთი ზუგდიდელი ზაზა ფიფია და გვეუბნება, დღეიდან ეს იქნება თქვენი დირექტორი. რასაც მოჰყვა ინციდენტი. ჩვენ არ ვცნობთ არც „ბლოკ-ჯორჯიას“ და არც ზაზა ფიფიას. 

8 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ, 1 ლარი არ დაუხარჯავთ. წლებია, კოლექტივს მოჰყავს ინფექციური საავადმყოფო. რამდენი ინფექცია გადავიტანეთ და არც კი უკითხავთ არაფერი. ვიცით, რომ ჩვენი გათავისუფლება უნდათ სამსახურიდან, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ. არ გვაპატიეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად ოთახები რომ გავარემონტეთ. მთელი მსოფლიო ამ პროგრამაზე ლაპარაკობს, ყველა სამედიცინო კვლევებში საქართველოში დაწყებულ პროგრამაზე წერენ, ჯანდაცვის სამინისტრო ჩამოვიდა, მოგვცეს მითითებები, შევასრულეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა? თუნდაც 1 ადამინისთვის დაგვეხარჯა ეს ფული, არ ღირს ადამინის სიცოცხელე 2 ოთახისთვის რემონტისთვის დახარჯულ ფულად?!“ – გვითხრეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა. 

სრული მასალა იხილეთ შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად