ჯანდაცვის სამინისტრო: ფინანსური დახმარების გაცემა 20 მაისიდან დაიწყება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სოციალური დახმარება მოდელის პრეზენტაცია გამართა

” ფინანსურ დახმარებას მიიღებენ დაქირავებით დასაქმებულები, თვითდასაქმებულები და მოწყვლადი კატეგორიები: სოციალურად დაუცველი ოჯახები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას ოჯახის წევრზე.

ერთწევრიანი ოჯახისთვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 70 ლარს, 2 წევრიანი ოჯახისთვის – 90 ლარს, 10 წევრიანი ოჯახისთვის – 350 ლარს, ხოლო 15 წევრიანი ოჯახისთვის – 525 ლარს. კომპენსაცია გაიცემა 6 თვის განმავლობაში.

100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ პირებს კომპენსაციის მისაღებად არ სჭირდებათ დამატებითი განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. ფინანსური დახმარების გაცემა 20 მაისიდან დაიწყება.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულების ფინანსურ დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო შვებულებაში, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესებულია 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციები გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, თუმცა გამოყოფილია 2 კატეგორია: ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში. პირველი კატეგორიის თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებას ახდენს შემოსავლების სამსახური 2020 წლის 20 მაისამდე.

პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე. ამ კატეგორიის პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად