ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩინეთის 2 მილიარდი – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთიდან 2 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამერიკა დაფინანსების აღდგენას არ გეგმავს.

დამთავრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისს მორიგი, 73-ე ასსამბლეა. მის ზოგიერთ ფრიად საინტერესო შედეგზე უკვე დღეს შეგვიძლია მსჯელობა.

  1. ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმლობაში 2 მილიარდი დოლარით დააფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. შედარებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთის მხრიდან ჯანმოს დაფინანსება 86 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო აშშ-ს მხრიდან 893 მილიონ ევროს.
  2. ამერიკის წინადადების მიუხედავად, ასსამბლეამ ტაივანს დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობის უფლება არ დართო
  3. რეზოლუცია მიიღეს ერთხმად, მას მხარი დაუჭირეს ამერიკელებმაც და ჩინელებმაც, თუმცა წინასწარ სწორედ ეს ორი ქვეყანა გამოდიოდა რეზოლუციის სხვადასხვა მუხლების წინააღმდეგ.
  4. აშშ-მ რეზოლუციას მხარი დაუჭირა შესწორებებით, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ინტელექტუალური საკუთრების სავაჭრო ასპექტების აუცილებელი გათვალისწინება – შესაბამისი წერილით მან მიმართა ასსამბლეას
  5. ჩინეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს პანდემიის გამომწვევი მიზეზების და პირველი რეაქციების შეფასებას, იმ დათქმით, რომ ეს ყველაფერი მოხდება პანდემიის დასრულების შემდეგ და არა ეხლა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს შეგნებულად „გასწირა“ და დატოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ჰეგემონიის ქვეშ. ტრამპმა ორი დღის წინ ჯანმოს  ხელმძღვანელობისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ დასდო ორგანიზაციას ბრალი ჩინეთის ინტერესების გატარებაში და პანდემიის დროს, განსაკუთრებით კი მის პირველ სტადიაზე გამოვლენილ არაპროფესიონალიზმში, რასაც ასეულ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და გაცილებით მეტმა ადამიანმა კი დაკარგა სამუშაო.

ტრამპმა ულტიმატუმი წაუყენა ჯანმოს, რომ თუ ის 30 დღის განმავლობაში არ გაატარებს რეალურ ცვლილებებს, დაფინანსებას არ  აღადგენს. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები საუბრობენ ვაქცინის და მედიკამენტების აუცილებელ ხელმისაწვდომობაზე (დეტალურად წინა ბლოგში), ეს საუბრები და მოსაზრებები საბოლოოდ ე.წ. კოსტარიკის „სოლიდარობის ინიციატივაში“ გამოისახა. ამერიკული მხარე შიშობდა, რომ ე.წ. „სახალხო ვაქცინის“ შექმნა ფარმაცევტულ კომპანიებს ინტერესს დაუკარგავს. ვაქცინისა და მედიკამენტების დამამზადებლებისათვის მათ მიერ დამზადებულ პროდუქციაზე უფლებების მკვეთრი შემცირება გამოიწვევს ფარმაცევტული და სხვა კერძო კომპანიების ინტერესის მკვეთრ შემცირებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუშლის არათუ მედიკამენტების გავრცელებას, არამედ საერთოდ მის შექმნას.

ვითარება ისე წარმოჩინდა, რომ აშშ-ს ოპონენტები ამ საკითხში ფაქტიურად უგულებელყოფდნენ თავისუფალი ბაზრის პრინციპების უპირატესობას და გაუგებარი, კომუნისტური ელფერის მქონე მოდელის, როგორც ინიციატივის შეთავაზებას ახორციელებდნენ. საინტერესოა, რომ “ვაქცინის ხელმისაწვდომობის” თემა, როგორც ტრამპის წინააღდეგ ბრძოლის ერთერთი ფრაგმენტი, მიღებულია აშშ-შიც. კერძოდ გუშინ გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ, ირიბად სწორედ ტრამპს მიმართა, საკმაოდ პოპულისტურ განცხადებაში,  რომ ვაქცინა უნდა განაწილდეს სამართლიანად და დაბალი შემოსავლების მქონე ხალხი არ უნდა დაიჩაგროს.

დავუბრუნდეთ რეზოლუციას. როგორც ზემოთ ვვღნიშნეთ, აშშ-მ სწორედ ამ შესწორების აუცილებელი გათვალისწინების პირობებით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რაც ცალსაცად პოზიტიური მოცემულობაა. როგორც მოსალოდნელია და როგორც ფაქტებიც აჩვენებს (მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში სწორედ აშშ-დან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთმა კომპანიამ აღმოაჩინა ანტისხეულები, რომელიც კომპანიის განცხადებით 100% ბლოკავს ახალი კორონავირუსის შესვლას და გავრცელებას უჯრედებში, ხოლო მეორე კომპანიამ ვაქცინის გამოცდის წარმატებებზე გვამცნო) დიდი ალბათობით, სწორედ აშშ შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინა და მედიკამენტები შეიძლება იქნას გამოვლენილი, იმ დიდი რესურსების გათვალისწინებით, რომელიც დახარჯა ამისთვის ამერიკამ და რომელიც მას ისედაც გააჩნია.

გარდა მედიკამენტებზე მუშაობისა, ამერიკას ზოგადად რთული ბრძოლა აქვს ვირუსთან, ასევე ურთულესად მიმდინარეობს „ეკონომიკის გახსნის“ პროცესი, ხოლო სულ რაღაც ნახევარ წელზე მცირე ხანში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამ ეტაპზე რეპუტაცია-შელახული ჯანმო-სგან ტრამპს ალბათ მხოლოდ ერთი, პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს, თუ ჯანმო ფაქტიურად აღიარებს მის შეცდომებს და ჩინეთზე დამოკიდებულებას, რაც ჯერჯერობით რთული წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, ტრამპის გადაწყვეტილება ჯანმოდან დისტანცირების შესახებ გამართლებული ჩანს.

ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს რთული პერიოდი აქვს, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი გამოწვევებს ვერ უმკლავდება. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მის მიმართ კრიტიკული განწყობილებები მკვეთრად მატულობს. მან ასსამბლეაში პირადად მიიღო მონაწილეობა და ამცნო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩინეთი გაუმკლავდა ვირუსის შემოტევას. ჩინეთი აქტიურად დაეხმარება აფრიკის ქვეყნებს და სხვებსაც, ვისაც ამის საჭიროება ექნება. მან სიამოვნებით მოირგო ახალი ლიდერის როლი და მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ჯანმოს ბიუჯეტში 2 მილიარდ დოლარს შეიტანს უახლოესი 2 წლის განმავლობაშო. ამ თანხით, ის რეალურად შეეცდება შეამციროს სხვა ქვეყნების მხრიდან კრიტიკა, რაც თავისთავად გამოიწვევს ჩინეთში მის მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებასაც. სი ძინპინი მართებულად ვარაუდობს, რომ 2 მილიარდი დოლარი საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ ფაქტიურად ყველა ქვეყანამ უარი თქვას რაიმე სახის რეალურ გამოძიებაზე ჩინეთის წინააღდმდეგ.

ბლოგს კი დავასრულებ ამ საკითხებზე წაკითხული სახალისო-სატირალი ინფორმაციით, კერძოდ: გუშინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის წერილი ჯანმოსადმი, სამინისტრო აცხადებს რომ აშშ თავს არიდებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს შეურაცყოფა მიაყენოს ჩინეთს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად