გიორგი წოწკოლაური: მზად ვართ, აქციის მონაწილე დევნილებს შევხვდეთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დევნილების მიერ სამინისტროს შენობის შესასვლელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

„მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის მიერ. აქციის მონაწილე დევნილები თბილისში ბინების განაწილების კომისიის არაგამჭვირვალე მუშაობას აპროტესტებენ. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თბილისში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რაც სრულ გარანტიას გვაძლევს, რომ კომისია გამჭვირვალედ მუშაობს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.
ამასთან, სამინისტროში შეკრებილი დევნილები აცხადებენ, რომ მინისტრი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოგახსენებთ, რომ მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. ჩვენ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში, აქციის მონაწილე დევნილებს შევხვდეთ და თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად შევისწავლოთ”, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად