რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ სალაგაი კოპენჰაგენის აეროპორტში არ შეუშვეს და დანიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

"ღონისძიებას სახელმწიფო მდივანი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ო. სალაგაი უნდა დასწრებოდა. თუმცა მას კასტრუპის აეროპორტში დანიაში შესვლაზე უარი ეთქვა," - წერს დანიაში რუსეთის საელჩო Telegram-ზე.

საელჩომ დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს იკვლევს.

ჯანმოს კონფერენცია არის რეგიონალური შეხვედრა თემაზე "ქცევითი და კულტურული შეხედულებების გამოყენება ჯანდაცვაში" და კოპენჰაგენში 12-იდან 14 სექტემბრამდე ტარდება.

სალაგაის უარი დანიასა და რუსეთს შორის საელჩოებში მომუშავე თანამდებობის პირების რაოდენობაზე მიმდინარე დაპირისპირების ფონზე უთხრეს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოს 29 სექტემბრამდე აქვს ვადათავისი პერსონალი ხუთ დიპლომატამდე და 20 ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალამდე შეამციროს, რათა ის მოსკოვში დანიის საელჩოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.