ჯაბა თურქია: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გავხდე, ესაა ჩემი მიზანი და ბევრს ვშრომობ

18 წლის ფოთელმა მოჭიდავემ, ჯაბა თურქიამ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, მან მსოფლიო ჩემპიონატზე, 65 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო და ევროპის პრიზიორი, რუსი გამოცდილი მოჭიდავე დაამარცხა. ჯაბა ამ ტიტულთან ერთად, საქრთველოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის სახელს ატარებს. თებერვლის თვიდან კი, საქთველოს ჭაბუკთა ნაკრებიდან, ახალგაზრდულ ნაკრებში გადაინაცვლებს.

ელიზბარ (ჯაბა) თურქია „აიპრესთან“ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

პირველ რიგში მოგვიყევი, როგორ გახდი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი?

საქართველოს ჩემპიონატზე, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავიკავე პირველი ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვე. მსოფლიოზე ოთხი შეხვედრა ჩავატარე წარმატებულად და დავიკავე პირველი ადგილი. ფინალში რუს მოჭიდავესთან გამიჭირდა, რადგან ხელი მტკიოდა ძალიან, მაგრამ ბოლო წამებში უპირატესობა მოვიპოვე და გავიმარჯვე.

როგორია განცდა, როდესაც მსაჯი გამარჯვების ნიშნად შენს ხელს მაღლა სწევს და აცნობიერებ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე ხარ?

ძნელია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ ძალიან გახარებული და ემოციური ვიყავი.

რატომ დაინტერესდი ჭიდაობით და რა ასაკიდან დაიწყე აქტიური სპორტული ცხოვრება?

მამაჩემი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავედ ითვლება, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. სპორტის ამ სახეობის მიმართ ჩემი ინტერესი სწორედ მისი დამსახურებაა. 6 წლის ვიყავი, როდესაც ჭიდაობის დარბაზში მიმიყვანა და მას შემდეგ ყოველდღე ვვარჯიშობ.  2015 წელს, ზესტაფონში გავხდი საქართველოს ჩემპიონი პირველად. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი აქტიური სპორტული ცხოვრება და სერიოზული ვარჯიში.

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც შენს წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს?

ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით პირად მწვრთნელებს, კოტე ხუბუტიას, ზურაბ ძაძამიას და ზურაბ ტუღუშს, ასევე ნაკრების მწვრთნელებს. რომ არა მათი დახმარება და ხელშეწყობა, ალბათ ამ გზას არ ავირჩევდი.

რისი დათმობა მოგიხდა ჭიდაობის გამო?

სწავლის ალბათ, რადგან ორივეს ერთად ვერ ვახერხებ. ჭიდაობა ძალიან დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს.

რა გაძლევს მოტივაციას რომ წარმატებული იყო?

მიყვარს სპოტრტის ეს სახეობა და სურვილი მაქვს წარმატებული სპორტსმენი გამოვიდე. მინდა ოლიპიური ჩემპიონი გავხდე, ვშრომობ და ვწვალობ, რომ ამ მიზანს მივაღწიო.

შენს ოჯახში 5 თვის წინ დიდი უბედურება დატრიალდა. უფროსი და ელენე, ახლაშეუღლებულ მეუღლესთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ყველა, საკაოდ მაღალი დონის შეჯიბრება წარმატებით ჩაატარა, სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვე…

ის მაძლებს ძალას, რომ წარმატებას მივაღწიო… ყველა ჩემს გამარჯვებას ელენეს ვუძღვნი.

როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი?

ყოველდღე დილის შვიდ საათზე ვდგები და ზღვაზე ვვარჯიშობ, შემდეგ ვისვენებ, მეგობრებთან ვერთობი, 5 საათზე ისევ ვარჯიში მაქვს ჭიდაობის დარბაზში.

თითქმის ყოველი შეჯიბრების წინ გიწევს წონის მკვეთრი დაკლება, რამდენად რთულია ეს პროცესი და როგორ ართმევ თავს?

ძალიან რთულია ეს პროცესი. ერთ კვირაში 7-8 კილოს დაკლება მიწევს. სწორი კვებით და ვარჯიშით ვაღწევ სასურველ წონას. საბედნიეროდ წონის დაკლება ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დამჭირვებია.

ვინ არის შენთვის ავტორიტეტი მოჭიდავე, რომელსაც გინდა რომ მიბაძო?

ვახტანგ ჩიდრაშვილი. ის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია საქართველოში. ხუთგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

 შენი სამომავლო გეგმები როგორია?

მომავალ წელს ისევ, ჯერ საქართველოს ჩემპიონატია, შემდეგ ევროპა და ბოლოს მსოფლიო. ვეცდები წარმატებით ვიასპარეზო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე.

მოამზადა ანა ჯახიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად