#იზრუნე – “ვისოლისა” და ილიაუნის ერთობლივი სოციალური პროექტი

“ვისოლი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით, სტუდენტურ კონკურსს აცხადებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ იდეა, რომელიც საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ვისოლი” ავრცელებს.

#იზრუნე „ვისოლ ჯგუფისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით ინსპირირებულ იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შევლენ წევრები არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან, ასევე, წარმომადგენლები მსხვილი მედიაჰოლდინგებიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და “ვისოლ ჯგუფიდან”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO ფინალისტებისთვის შეხვედრების სერიასა და ვორკშოპებს გამართავენ და მათ ფინალისთვის მოამზადებენ.

გამარჯვებულები იდეის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ კომპანია “ვისოლისგან”. დამატებით ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან “ვისოლ ჯგუფში” და საკუთარ იდეას პროფესიონალ გუნდთან ერთად განახორციელებენ.

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილე ილიაუნელებისთვის აწესებს ნომინაციას “ილიაუნის რჩეული” – აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 3000-ლარიან დაფინანსებას მიიღებს.

#იზრუნე 2018 წლის ზაფხულში სტუდენტური ბანაკების სერიით დაიწყო და – კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. პროექტის პარტნიორები არიან “ვენდი” და “დანკინი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...