ივერი მელაშვილის მეუღლე: თეთრი შავია და შავი თეთრიაო გიმტკიცებენ

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადებით, ის დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ელოდებოდა, რადგან ეს საქმე სწორედ ამისთვის იყო წამოწყებული.

როგორც თამარ სულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მას იმედი აქვს, რომ “გამოჩნდება ვინმე, ვინც სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს”.

“ველოდი ამ გადაწყვეტილებას, აბა რისთვის იყო ეს საქმე წამოწყებული? თეთრი რომ თეთრია და შავი შავია, არა ბატონო, თეთრი შავია და შავი თეთრიაო გიმტკიცებენ ისინი. სამართლიანობის იმედი მაქვს, მართალია, ეს მარიონეტები არაფერს იზამენ, მაგრამ ვფიქრობ რაღაც გზა გამოჩნდება და ვინმე მაინც სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს”, – განაცხადა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად