ივერი მელაშვილის მეუღლე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს.

ამის შესახებ თამარ სულაძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„უსამართლობა მოხდა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, მოკლედ, ზემოდანაა დავალება და ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც უნდათ. როგორ ველოდი, როცა ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო, რომ ეს ხალხი გამოეშვათ. არანაირი საფუძველი დაპატიმრების არ არის, რადგან ის, რუკა რასაც ასე დიდი ამბით ატრიალებენ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საერთოდ გამოუსადეგარია – წერტილი წერტილს არ ხვდება და ობიექტი ობიექტს. წინასწარი დაკავება რა სისულელეა! ეს ადამიანები რატომ უნდა დააკავო?! რას იზამენ?!” – განაცხადა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება, ვინაიდან საგამოძიებო პერიოდის გაგრძელება სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად