ივერი მელაშვილი: მე მგონი, სიმართლე გაიმარჯვებს – ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წამოყენებული გვაქვს

“იცის საზოგადოებამ, რომ იყო რაღაც შეთავაზებები, მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე და იყო განხილული საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავისი აზრი და თავისებური განმარტება აქვს”.

ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: ცვლის თუ არა, საქმეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან 2007 წელს დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა.

„შეგნებულად არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს და რა თქმა უნდა, იცის საზოგადოებამ, რომ იყო რაღაც შეთავაზებები, მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე და იყო განხილული საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავისი აზრი აქვს და თავისებური განმარტება აქვს. არ შემიძლია ახლა მაგაზე კომენტარები გავაკეთო, თვითონ ყოფლმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები და რა თქმა უნდა, იყო განხილვები რაღაც დონეზე მაგის თაობაზეც, მათ შორის“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ბრალდებულმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მას და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულოებად სცნობს, რადგან კარტოგრაფის განმარტებით, მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და დაცვის მხარეს პროკურატურის მიერ პუნქტობრივად წაყენებულ ყველა ბრალდებაზე პასუხი აქვს.

„რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ მაგ ბრალდებაში. შესაბამისად, არ ვიცი როგორ გასტანს სასამართლო, თავის წესი და რიგი აქვს, შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით და მე მგონი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წამოყენებული გვაქვს. პუნქტობრივად აქვთ ჩამოთვლილი რაღაც ბრალდებები, ყველა ბრალდება მიგვაჩნია, რომ არის აბსურდული, არარსებული ბრალდება. სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი დიდი ხანია იმისი მაქვს, რომ, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თავიდანვე ბრალდება მიმაჩნდა უსაფუძვლოდ, ახლაც ასეა, თუმცა იცით, რომ ციხეშიც ვიყავით და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება ადრე თუ გვიან ყველაფერს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...