“ივანიშვილს უნდა, რომ ამოგვწოვოს სისხლი, როგორც წურბელამ” – ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად პარტიები დაფინანსებას ვერ მიიღებენ თუ პარლამენტში ვერ შევლენ. თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ პარტიები კანონის მიღების შემდეგ უარს იტყვიან საბოტაჟზე და პარლამენტში შევლენ, მაშინ დაფინანსებას შეინარჩუნებენ.

ამას გარდა პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც პარტიების რეგისტრაციის წესს ეხება. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, მათ შორის თუ ის არ არის საქართველოს მოქალაქე.

როგორ აფასებს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს და რას ფიქრობს, რა რესურსია ამ ყველაფრის შესაცვლელად? – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ წევრი შალვა შავგულიძე საუბრობს:

_ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომელიც ეხება პარტიების რეგისტრაციის საკითხს და ასევე დაფინანსების საკითხსაც. როგორ აფასებთ ამას და რა გზას ირჩევს ხელისუფლება?

_ სამწუხაროდ, როგორც ჩანს ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს დარჩენილი და თავადაც ასე აფასებს ვითარებას. მას სხვა გზა არ აქვს დარჩენილი, გარდა რეპრესიების გატარებისა. ის იძულებულია, რომ რეპრესიული მეთოდებით მოახდინოს გავლენა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე – ვისზეც მოახერხებს ისინი ფაქტობრივად აქციოს ფსევდო ოპოზიციად ყალბი სურათის შესაქმნელად. სინამდვილეში კი ეს მათივე სამსახურში ყოფნას ნიშნავს. ვისზეც ვერ მოახდენს ასეთ გავლენას და ვერ მოაქცევს თავის ჭკუაზე, ასეთი პოლიტიკური სუბიექტები საერთოდ განდევნოს პოლიტიკიდან. ეს არის ტიპური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა.

სამწუხაროდ, ამ გზას ადგას ხელისუფლება და ამას ვეღარც კი მალავს. უკვე თვითშეფასებაშიც კი ხედავენ, რომ მათ სხვა რესურსი, პოლიტიკური აქტივობის უბრალოდ არ გააჩნიათ. სახელმწიფოს არ გააჩნია პოზიტიური მართვის რესურსი. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს კრახს მართვის თვალსაზრისით – ეს არის ეკონომიკის თვალსაზრისით, სამართლის თუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

_ საუბრობთ, რომ „ოცნებას“ ფსევდო ოპოზიციის შექმნა უნდოდაო და ამას ნიშნავდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ამით მოხდება პოლარიზაციის განეიტრალება და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები გაძლიერდებიან?

_ რა თქმა უნდა ეს არის ფსევდო ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბების აქტივობები ხელისუფლების მხრიდან და ვისაც მოახერხებს და ფსევდო ოპოზიციურ სუბიექტებად აქცევს, რომელიც მას სჭირდება იმ ყალბი სურათის შესაქმნელად, რომ თითქოს ოპოზიცია არსებობს პოლიტიკაში და მათ შორის ქართულ პარლამენტში. აქეთკენ არის ეს მიმართული.

_ რეალურად ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის მიმართული?

_ არა. რატომ მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ?!

_ ამ შემთხვევაში დაფინანსების ნაწილს არ ვგულისხმობ, მხედველობაში რეგისტრაციის გაუქმების ნაწილი მაქვს.

_ რეგისტრაციის ნაწილში იყენებენ იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ აღიარებული ლიდერი და ასეთ რაღაცებს. უხერხულიც კი ამას კანონპროექტი რომ ვუწოდო, მოდით ასე ვიტყვი, მათი განზრახულობების ერთ-ერთ პუნქტად წერია, რომ ფორმალური ლიდერიც რომ არ იყოს, ან ადამიანი, რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო წესსო და ის რომ მიაჩნდეთ უფრო საყვარელ ლიდერადო, ასეთ პარტიას ავკრძალავთო. ამას სამართალთან არაფერი არ აქვს. როდესაც კანონპროექტი ფორმალიზების მიღმა მსჯელობს რაღაცაზე და მიაჩნიათ, რომ არა ლიდერი, არამედ ისეთი ადამიანი მიაჩნიათ სინამდვილეში ავტორიტეტად და მასზეც უნდა გავრცელდესო, მაშინ რაღაზე ვლაპარაკობთ?! იქნებ, რომელიმე მწერალია?! ან რომელიმე რელიგიური მოღვაწე?! ეს არის ტიპური გროტესკული კვანძი ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისთვის, რომელიც არ გამოვა და ეს დამთავრდება ამ პოლიტიკური ძალის კრახით.

_ როგორ დამთავრდება?

_ უნდა ვეცადოთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის ნაკლებად ტრავმატული იყოს „ქართული ოცნების“, მართლაც რაღაც წარმონაქმნის დასრულება ამ ქვეყანაში.

_ მაგის რესურსს ხედავთ?

_ სხვანაირად შეუძლებელია. როდესაც რაღაც წარმონაქმნი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და პროგრესს, ის რა თქმა უნდა კრახით დაასრულებს თავის არსებობას. – თუნდაც ეს იყოს ხელისუფლებაში მოსული დროებითი პოლიტიკური ძალა. ამაზე ბევრად ძლიერი რეჟიმი ჰქონდა ფაშისტურ გერმანიას, ძლიერი ეკონომიკით და სამხედრო ინდუსტრიით ზურგგამაგრებული. რით დამთავრდა იქ ან თუნდაც იგივე იტალიაში?! სხვა მაგალითებიც გვაქვს, რითი სრულდება ვითარება, როდესაც რეჟიმის დამყარებისკენ მიდის ხელისუფლება და ტოტალიტარული კონტროლის გზას ადგება.

საზოგადოება და სახელმწიფო ვითარდება პროგრესისკენ და როდესაც შენ ამ პროგრესს ეღობები, გამოდის, რომ შენ ინტერესებს წირავ სახელმწიფო ინტერესებს. გამოდის, რომ ქვეყნის პროგრესს აჩერებ იმიტომ, რომ შენ ინტერესშია, რომ ეს ქვეყანა გაშეშდეს და გაიყინოს. ასეთ შემთხვევაში წურბელასავით მეტს ამოწოვ ამ ქვეყნის რესურსიდან. ამის ვიზუალური მაგალითები გვაქვს. საყდრისის აფეთქება ეს იყო ამის თვალსაჩინო მაგალითი, იმას თუ როგორ უყურებს ივანიშვილი ამ ქვეყანას. უნდა ააფეთქოს მისი კულტურაც და ყველაფერიც. უნდა ამოგვწოვოს სისხლი, როგორც წურბელამ. რაღაც მატერიალური და მერკანტელური ინტერესების გამო უნდა, რომ ამ ქვეყნიდან ყველაფერი ამოიღოს. ამას არ აიტანს არც საზოგადოება და არც ქვეყანა. საბოლოოდ უარს გეტყვის. რაც უფრო ნაკლებად ტრავმატული იქნება ეს უარი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და პირველ რიგში მათთვის, ვინც ამ უგუნურ გზას დაადგნენ, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და მათ წარმომადგენლებს.

პროგრესს ვერ გააჩერებს ვერც ივანიშვილი, ვერც „ქართული ოცნება“. პროგრესი ვერ გააჩერა მათზე გაცილებით ძლიერმა რეჟიმებმა – ეკონომიკურად, ინდუსტრიულად თუ სამხედრო ძალის თვალსაზრისით. ადამიანის სწრაფვა პროგრესისკენ, ეს არის შეუჩერებელი ძალა. ვინც ამას წინ ეღობება, ის უბრალოდ ნადგურდება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად