ივანიშვილისთვის მილიონობით ჯარიმის დაკისრებიდან ივანიშვილის მეხოტბეობამდე – მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის საქმეები

„აბსოლუტურად გონივრული მიდგომა პრობლემისადმი” – ასე გამოეხმაურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი 10 იანვარს პარტია“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სკანდალური 10 კაციანი სიის შესახებ.

დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთია იმ ათი კაციდან, რომელიც ჩინჩალაძის გუნდის წევრად მოიაზრება. მოსამართლე, რომელიც 2019 წელს ბიძინა ივანიშვილს განცხადებას გონივრულს უწოდებს, 2011 წელს ხელს აწერდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია თითქმის 5 მილიონით დააჯარიმა. მაშინ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე იცავდნენ. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსამართლე გვრიტიშვილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

 ბიძინა ივანიშვილის საქმე და მოსამართლე გვრიტიშვილი

2012 წლის 14 მაისს  კონტოლის პალატამ 4 მლნ 760 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელმაც ოპოზიციური “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ამ საქმის არსებით განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანას მხოლოდ 4 საათი მოანდომა. მან დაადგინა, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია შპს ”მენეჯმენტ სერვისი”.

“ქართული ოცნების” ინტერესებს მაშინ სასამართლოში ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე იცავდნენ.  ადვოკატები გვრიტიშვილის აცილებას ითხოვდნენ, რის გამოც გვრიტიშვილი მათ დაჯარიმებით ან დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, საქართველოში საშუალოდ რა ჯდება 1კვ.მ ფართის გარემონტება. პასუხად მიიღო, რომ მინიმალური რემონტის ღირებულება 150 ლარია. კონტროლის პალატამ, დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, ეს თანხა გადაამრავლა “ქართული ოცნების” 22 ოფისის ფართზე (სადაც ჩატარდა რემონტი) და მიღებული თანხა – 476 ათასი ლარი– მიიჩნია კომპანიის მიერ “ქართული ოცნებისათვის” გაწეულ უკანონო შემოწირულობად და დააჯარიმა ათმაგი ოდენობით.

ეკა ბესელია და ალექსანდრე ბარამიძე ითხოვდნენ მოსამართლე გვრიტიშვილისგან დალოდებოდა კერძო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელიც რეალურად დაითვლიდა, თუ რა გადაიხადეს “ქართული ოცნების ოფისების შეკეთებაში

მოსამართლე გვრიტიშვილმა კი განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნა რაიმე ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებდა და ამის საჭიროება არ იყო. მოსამართლემ არც იმ ადამიანების დაკითხვა ჩათვალა საჭიროდ, ვინც უშუალო ზედამხედველობას უწევდა სარემონტო სამუშაოებს.

დიმიტრი გვრიტიშვილის მოკლე სამოსამართლეო CV, რომელიც 2008-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, ასე გამოიყურება:

1. მოსამართლე გვრიტიშვილმა 2011 წლის 31 იანვარს არ დააკმაყოფილა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რომლითავ მოსარჩელე თბილისის საკრებულოს მიერ დიღმის ტყე–პარკის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდა. ამან დიღმის ტყის გაჩანაგება დააჩქარა

2. გვირიტიშვილმა 2011 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ ოპოზიციის აქციაზე ერთ–ერთი დაკავებულის საქმეზე ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად 60–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ავთანდილ თედლიაშვილს.

3. გვრიტიშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება 2011 წლის 18 ნოემბერს. მაშინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ითხოვდა, რომ სასამართლოს სამინისტროსთვის დაევალებინა საჯარო ინფორმაციის გაცემა (თანამდებობის პირების ხელფასების, ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების, ტენდერების, სატელეფონო ხარჯების, სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტების დაფინანსებაზე) და ამ ინფორმაციის გაუცემლობის გამო სამინისტროსთვის ზიანის ანაზრაურების დაკისრება.

4. გვრიტიშვილმა 2012 წლის 23 სექტემბერს 10–დღიანი პატიმრობა მიუსაჯა თბილისში ახალგაზრდული პროტესტის ერთ–ერთ ორგანიზატორს, დაჩი ცაგურიასა და მის მეგობარს, ბექა ალადოშვილს. ცაგურია და ალადოშვილი დაახლოებით 25-მა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გადმოათრიეს ავტომანქანიდან ელბაქიძის გამზირზე, სცემეს და შემდეგ ცოცხებთან ერთად გადაუღეს სურათები”, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულების ადვოკატმა კახა კოჟორიძემ. კოჟორიძე ამბობს, რომ წინასწარ იყო ცნობილი, მოსამართლე გვრიტიშვილი რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდა, რადგან მან ადვოკატის ცხრიდან მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკამყოფილა, რაც გულისხმობდა ერთ–ერთი პოლიციელის დაკითხვას, თუმცა მოსამართლემ კოჟორიძეს პოლიციელისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. კოჟორიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

5.2012 წლის 21-22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგნენ დავით ფაცაცია, დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი. მოსამართლეები მირანდა ერემაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გახლდნენ. პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის მოტივით, ფაცაციას ადმინისტრაციული პატიმრობა 40 დღით, ცაგურიას და ალადოშვილს კი 10 დღით მიუსაჯეს. საადვოკატო დახმარებას მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა, რომლის განცხადებაში ნათქვამია: “საქმის განხილვის დროს მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არაერთ უხეშ დარღვევას… მოსამართლეთა განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვისას არც დაკავებულ პირს და არც მის ადვოკატს უფლება არ აქვს, შეკითხვით მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს, რადგან ვითომ ამას კანონმდებლომა არ ითვალისწინებს. სასამართლოს ეს განმარტება ცალსახად უკანონოა და ეწინააღმდეგება, როგორც საპროცესო კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმებს, ასევე ფუძემდებლურ პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “დაცვის უფლება გარანტირებულია”. გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს დაცვის უფლების გარანტირება, თუ პასუხისგებაში მიცემულ პირს ან მის ადვოკატს სასამართლო იმ პოლიციელისთვის შეკითხვის დასმის უფლებასაც კი არ მისცემს, რომელიც დაკავებულს ბოროტ დაუმორჩილებლობა, ან სხვა რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას აბრალებს… ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ არ გამოითხოვა დაკავების ადგილას დამონტაჟებულ ვიდეო კამერათა ჩანაწერები, რომლებზეც, მაღალი ალბათობით, აღბეჭდილი იქნებოდა დაკავების ამსახველი კადრები”… და ა.შ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად