“ივანიშვილის წერილი ეპიტაფიაა “ოცნების” პოლიტიკურ საფლავზე” – ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ პარტიასაც ტოვებს და „ქართულ ოცნებასაც“. მისმა წასვლამ ბევრი კითხვა გააჩინა. მათ შორის რეალურად მიდის თუ ისევ კულისებში გადაინაცვლა და რამდენად დროული იყო მისი წასვლა.

ბიძინა ივანიშვილის გზავნილებისა და გაჩენილი კითხვების შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს:

_ ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ დაგვემშვიდობა თუ ისე როგორც წინა წასვლის შემთხვევაში და კულისებიდან მართავს პროცესებს?

_ იცით რა არის, ეს უკვე არასოლიდური იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ დაგვემშვიდობებოდა და რეალურად ისევ დარჩენილიყო. კი, ასეთი რაღაცები გვახსოვს. იყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ მე რომ ვემშვიდობები ხალხს, ეს არ ნიშნავს, რომ მივდივარო. ბერეზოვსკი ამბობდა ასე.

საინტერესო იყო მისი წერილი. რას გვასწავლის კლასიკური დიპლომატია?! კი, დიდი ხანია საქართველოში პოლიტიკა და დიპლომატია მეცნიერებაც აღარ არის, გააქრეს. ეს არის კუსტარული ხელოვნებასავით, მაგრამ მოდით ისტორიულად ავიღოთ, როდის მოდიან პოლიტიკოსები/მმართველები ხელისუფლებაში და როდის მიდიან ხელისუფლებიდან? როდის დაბრუნდა კრომველი ხელისუფლებაში? – როდესაც კრიზისი, როდის მიდის ივანიშვილი? როდესაც კრიზისია. დიდი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ, მაშინ როდესაც სჯეროდათ, რომ რესურსი იყო.

_ ივანიშვილს რესურსი აღარ აქვს და გარბის?

_ ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია კრიზისის მოგვარება. იმაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, რატომ მივიდა ქვეყანა ამ დღემდე, მაგრამ ფაქტი ეს არის ქვეყანაში არის მძიმე კრიზისი.

_ პირველი თვალსაჩინო კრიზისის დროს დაბრუნდა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ და დღეს უკვე დაინახა, რომ ყველა რესურსი ამოწურულია და ამიტომ წავიდა?

_ მაშინ რომ დაბრუნდა, შესაძლოა დღეს დაინახა, რომ ის დაბრუნება შეცდომა იყო. მაშინ თქვა, რომ 1 წელი მომეცით და ყველაფერს შევცვლითო. ერთი წელიც მისცეს და 3 წელიც, მაგრამ უმუშევრობა და შიმშილი ვერ შეცვალა. ივანიშვილი ამბობს, რომ ვალმოხდილი მივდივარო, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ ვალმოხდილი წავიდოდა თუ მინიმუმ ვაქცინას მაინც დაგვიტოვებდა. ლარის კურსი, უმუშევრობა, შიმშილობა, ეს ის პრობლემებია, რაზეც ყველამ იცის, რომ ჯადოქარიც რომ მოვიდეს, ვერ უშველის. მაგრამ ვაქცინა არ იყო რთულად გასაკეთებელი. საკმარისია 600-700 ათასი ადამიანის აცრა, რომ უკვე შესაძლებელი გახდეს კორონავირუსის დამარცხება.

ჩემთვის საინტერესო იყო ის პასაჟი, სადაც მან „ქართულ ოცნებას“ წითელი აუნთო. მალე თქვენზე ჭკვიანები მოვლენო.

_ ის პასაჟიც საინტერესო იყო, სადაც ის ამბობს, რომ ხელისუფლებას გადაცდომებს აღარავინ აპატიებს და 9 წელი კი არა კვირაც აღარ მოითმენს ხალხიო. გასაგებია, რომ ამას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობდა, მაგრამ ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, როგორც ეს ერთ ცნობილ ხალხურ გამოთქმაშია?

_ კი, ეგეც არის. მან დაინახა, როგორც ჭკვიანმა ადამიანმა, რომ ამ ხალხით, კობახიძეებით და სხვა ის ვერცერთ პრობლემას ვერ გადაჭრის. მან გარანტია გაიკეთა, პრევენცია ჩაატარა, რომ ახლა თქვენზეა ყველაფერი – ბურთი და მოედანი თქვენ ხელშია და გადაწყვეტილებებს არ ვღებულობო.

ჩვენთან პოლიტიკური კულტურა პლინტუსს ქვემოთაა. გავა 1 წელი და „ქსენია დიასახლისი“ ისევ აყვირდება, რომ სჯობდა ისევ ივანიშვილი ყოფილიყო. წავიდა და ვის ხელში დაგვტოვაო.

_ თქვენ როგორც პოლიტიკის სპეციალისტი როგორ მიიჩნევთ, სწორად მოიქცა ივანიშვილი რომ წავიდა თუ უნდა დარჩენილიყო?

_ ეს კითხვა, რომ 2 თვის წინ დაგესვათ, რომ მიდის თუ არა ივანიშვილიო, მე გეტყოდით, რომ ივანიშვილმა დააგვიანა წასვლა-მეთქი, მაგრამ დღეს გეუბნებით, რომ იჩქარა. ერთი პრობლემა რაც მას შეეძლო გადაეწყვიტა ეს იყო ვაქცინიზაციაა. მას შეეძლო ამისთვის თავი დაედგა, რაც ადვილად გადასაჭრელია, მაგრამ ვერ გაართვეს თავი „სამმა მუშკეტერმა“. ჯერ „რემდესევირზე“ ლაპარაკობდნენ, ახლა ჩინურ ვაქცინაზე დაიწყეს საუბარი და ამ დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ერთზეც ხელებს ასავსავებს და მეორეზეც. ამიტომ ცუდ დროს მიდის ივანიშვილი და მით უმეტეს თუ კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარე. პირდაპირ ვთქვათ, ჩვენთან პარტიის თავმჯდომარე ქვეყნის პირველი პირია რეალურად. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც დღევანდელ მოცემულობას სჭირდება.

დღეს მმართველ პარტიას თავმჯდომარედ პირველ რიგში დიპლომატიურად ელასტიური პირი სჭირდება, რომელიც უნდა მუშაობდეს შერიგებაზე და არა მუქარასა და ღვარძლზე.

_ ვინ არის ასეთი „ოცნებაში“?

_ არ ვიცი. მე არ ვიცნობ მაგათ, რომ ივანიშვილს რომ მოენდომებინა, ასეთ იპოვიდა ქვეყანაში, მაგრამ არ მოინდომა. კობახიძე ყველაზე ცუდი ვარიანტია დღეს. შესაძლოა სხვა პირობებში კარგი ვარიანტი ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაზე ცუდია. კობახიძე თან ეპატიჟება ოპოზიციას შემოდითო და თან ემუქრება. ამიტომ მას ნდობა არ მაქვს.

მე არ ვიცნობ შიდა სამზარეულოს, გია ხუხაშვილი უკეთესად იცნობს, წეღან ვუსმენდი ხუხაშვილს, რომელმაც თქვა, რომ კობახიძე პარტიის წევრებს უფრო ეჯავრებათ, ვიდრე ოპოზიციონერებსო. შესაძლოა ასეც იყოს.

_ მეც მისაუბრია „ოცნების“ მომხრეებთან, რომლებიც გახარიას „ხმალამოღებულები“ იცავენ ხოლმე, მაგრამ კობახიძის მიმართ აქვთ აგრესია. ჩემი პირადი გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს.

_ დიახ ასეა. თუ მართლა კობახიძე დაინიშნა… ივანიშვილი ყოველთვის იძახდა, რომ ჩემი ერთი ძლიერი მხარე კადრების შერჩევააო, მაგრამ თუ კობახიძით და მაგის მინისტრების ეფექტურობით ვიმსჯელებთ, ეგეც საეჭვოა. ის რომ ქონება სხვებზე გადააფორმა, ეგ ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ბილ გეითსმაც ფონდი დაარსა თავისი ქონების ნახევარზე მეტი გადააფორმა. მთავარი ის არის ფონდს როგორ გამოიყენებ შემდეგ, მაგრამ იგივე ბილ გეითსმა 30 მილიარდი უკვე დახარჯა რეალურ ქველმოქმედებაზე, ვირუსთან ბრძოლაზე და ა. შ.

სხვათა შორის „ოცნება“ რომ მოდიოდა ხელისუფლებაში ერთ-ერთი მსხვერპლი მე გავხდი. მე რომ ვერაფერი დამაკლეს, ჩემი შვილი მოხსნეს სამსახურიდან.

_ გააკრიტიკეთ და ამის გამო?

_ კი. დათო აქუბარდიასთან ვთქვი, რომ ჯერ ქველმოქმედი იყო და მერე პოლიტიკოსი გახდე? ეს ნონსენსია, რადგან ქველმოქმედება მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგი და დაფასებული პროფესიაა. დღეს ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მთავარ პროფესიას დაუბრუნდეს, თუ გვიან არ არის. გამოჩნდება ხალხი, რომლებიც იტყვიან, რომ ეს არ ყოფილა ქველმოქმედება და ის იყო ინვესტიცია პოლიტიკაშიო, რადგან მისი წყალობით მოვიდა ხელისუფლებაშიო.

ასე, რომ მისი დაბრუნება ქველმოქმედად, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. მთავარია ფონდი როგორ იმუშავებს და როგორ გამოიყენებს მას. ის, რომ მან წითელი აუნთო მმართველ პარტიას, ეს ცხადია. პოლიტოლოგიის გაგებით ეს იყო ეპიტაფია „ქართული ოცნების“ საფლავზე, რომ თქვენზე ჭკვიანები და თქვენზე კარგები მოვლენო, თანაც თქვა, რომ ეს არის ჩემი ოცნებაო. მე ასე გავიგე, რომ ეს არის ჩემი უკანასკნელი ოცნებაო, რომ იხილოს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციაში გაუშვებს „ქართულ ოცნებას“ და ის იქნება ღირსეული ოპოზიცია, რაც დღეს უკვე აღარავის სჯერა. იმიტომ, რომ „ოცნება“ ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი ოპოზიცია, რადგან მას აქვს დაბადებიდან თანდაყოლილი ავთვისებიანი დაავადება და ის ვერასდროს გახდება სიცოცხლისუნარიანი ივანიშვილის გარეშე. როგორც შევარდნაძის გარეშე მისი პარტია ვერ გახდა სიცოცხლისუნარიანი და სტალინის გარეშე კომუნისტური პარტია ვერ გახდა ხანგრძლივად სიცოცხლისუნარიანი. სხვადასხვა მომენტებია, მაგრამ ასეა.

ამას მოყვა ისევ კობახიძის ბრიფინგი, რომ იქმნება კომისია და თუ 1% მაინც იქნება ცდომილება, მაშინ ხელახალ არჩევნებს დავნიშნავთო. მე მიკვირს, პარტიის ხელმძღვანელობა ასეთ უხეშ პოლიტიკურ შეცდომას როგორ უშვებს, რომ თუ 1%-იანი ცდომილება იქნება, მაშინ დავნიშნავთ ხელახალ არჩევნებს, ხოლო კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავალო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნებას“ იმდენად სჯერა, რომ იქ 1%-საც ვერ იპოვიან, რომ ასეთ გარანტიას იძლევა. აქ ორი ვარიანტია, რომ ან მართლა ისეთი არჩევნები ჩატარდა, როგორიც ევროპასა და ისრაელში ტარდება, ან მართლა ისე კლასიკურად გაყალბდა არჩევნები და შემდეგ ისე გასუფთავდა ყველაფერი, რომ ვერაფერს აღმოაჩენენ. ვინ დაიჯერებს, რომ ჩვენთან უნაკლო არჩევნები ჩატარდა?! ამიტომ, ასეთ ვითარებაში პოლიტიკიდან წასვლა იმედგაცრუების დემონსტრირებას უფრო წააგავს. ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით.

არ ვიცით აქვს თუ არას ამასთან რაიმე კავშირი საფრანგეთის ორდერის მიღებას. ამას ისე არ არიგებენ. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დამსახურება კოვიდთან ბრძოლაშიო. ცოტა მოაზროვნე ქართველისთვის სარისკო განცხადება იყო, რომ თუ იქ იმდენი გააკეთა, რომ ორდენს აძლევენ, მოდი აქაც რაღაცა გააკეთოს ამ მიმართულებით და ჩვენ ძეგლს დავუდგამთ.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ იგივე საფრანგეთისგან ან დასავლეთის სხვა ქვეყნების ლიდერებისგან იყო მოწოდება, რომ დაეტოვებინა პოლიტიკა?

_ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. იმისათვის, რომ დამაჯერებლად ვილაპარაკოთ, ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი პრესა კი არა, როგორც დღეს გვაქვს, ისეთი ჟურნალისტები კი არა, რომ დღეს ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობენ… ამერიკაში ჟურნალისტს შეუძლია თავისი ფულით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაემგზავროს მასალის შესაგროვებლად, იქ გაზეთების იმპერიებია. მილიონერები არ არიან, მაგრამ ერთ-ერთი მდიდარი საზოგადოება ჟურნალისტები არიან. ასევე უნდა იყოს პოლიტიკურად განათლებული საზოგადოება. მეცნიერება უნდა იყოს, განათლება უნდა იყოს და ანალიტიკური ცენტრები უნდა იყოს. გამჭვირვალე პოლიტიკა უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც არჩევს, რომ ამ გაზეთს შეიძლება მივცე ინტერვიუ და იმ გაზეთს არაო, ამ ტელევიზიაში მივალ და იქ არაო, მაშინ ეს ვერ იქნება.

ლოგიკა მაინც აღარ არსებობს? მდინარაძე ადვოკატი მაინც არ იყოს. მან ჯერ თქვა, რომ ივანიშვილმა შეუქცევადად აქცია დემოკრატიაო და მერე იქვე ამბობს, რომ ძალიან სერიოზული რისკებიაო. თუ შეუქცევადია პროცესი, მაშინ იმას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ეს ხომ ელემენტარული ლოგიკაა. ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს ამბობს, თანაც ამას ადვოკატი აკეთებს ამას, რომლის მთავარი ღირსებაც ლოგიკური აზროვნება უნდა იყოს. გაირკვა, რომ შეუქცევადი დემოკრატია ამერიკაშიც კი არ არის. შესაძლოა „ქსენია დიასახლისმა“ არც კი იცოდეს რას ნიშნავს „შეუქცევადი“. ჩვენ მოსახლეობაში განათლების სერიოზული დეფიციტია.

_ ადრეც გვისაუბრია, რომ მთავარი პრობლემა განათლებაა.

_ იაპონელები გიჟები კი არ არიან ამხელა თანხმებს რომ დებენ განათლებაში. ადრეც გითხარით ეს, რომ პირველი ბიუჯეტი რომ შედგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ, მაშინ განათლებაზე გამოყვეს ბიუჯეტის 30%. მაშინ მცირე ბიუჯეტი იყო და ის 30% მცირე თანხა იყო, მაგრამ იმ პერიოდთან შედარებით ბიუჯეტი 3040-ჯერ არის გაზრდილი. განათლებაში კი ის 30% დარჩა. თუ მაშინ ის 30% იყო 100 000 იენა, დღეს 100 მილიარდია. ჩვენთან კი დღითიდღე უარესდება განათლება. 40 წელზე მეტია სტუდენტებთან მაქვს საქმე და შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 30 წელი ყოველ წელს სულ უფრო და უფრო გაუნათლებელი ახალგაზრდობა მოდის სკოლიდან უმაღლესში. ვინმე რომ დაინტერესდეს, ნახავდა რა კატასტროფაა სკოლებში.

ივანიშვილს არ მიუღია სპონტანური გადაწყვეტილება, რომ აი რაღაცაზე განაწყენდა და უთხრა, რომ წადი თქვენიც და მე მივდივარო. არა, მან დეკემბერში დაიწყო ფონდის შექმნა და მიზანმიმართულად დაიწყო გეგმის განხორციელება. მას შეეძლო წასულიყო არჩევნების მეორე დღესვე, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. ახლა კი მისი წასვლა ნაადრევი იყო.

ჩვენი ეს დასკვნები და ანალიზები, მათ შორის ჩემი ანალიზიც მეტ-ნაკლებად ყავის ნალექზე მკითხაობაა. დრო უნდა და მერე გამოჩნდება, მაგრამ ცხელ კვალზე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ნაადრევია მაგის წასვლა. ეს იყო პოლიტიკური ეპიტაფია მმართველი პარტიის პოლიტიკურ საფლავზე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად