„ივანიშვილის ოცნებაა, რომ ოპოზიციაც მისი იყოს და ხელისუფლებაც“ – ინტერვიუ გია ნოდიასთან

„ივანიშვილის მეორედ წასვლა“, – ასე შეიძლება ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას. ახლა საკითხავი ის არის რეალურად წავიდა თუ ფასადურად და ხელისუფლების მართვას კულისებიდან გააგრძელებს. ამას ალბათ დრო უკეთესად გამოაჩენს. საკითხავია ისიც საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან თუ არა და რამდენი სიცოცხლე აქვს პოლიტიკაში.

როგორ ხმაურიანადაც შემოიჭრა პოლიტიკაში მთლად ისე ხმაურიანად ვერ წავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი წასვლა როგორც მინიმუმ ბოლო კვირის მთავარი ნიუსია საქართველოში. იქნება თუ არა წლის მნიშვნელოვან ამბებში, ეს მაინც მოვლენათა განვითარებაზეა დამოკიდებული.

რეალურად წავიდა თუ არა პოლიტიკიდან და უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ ივანიშვილი ეცდება სასურველი ოპოზიციის შექმნას ან არსებული ოპოზიციიდან რომელიმეს დახმარებას? – ამ და სხვა დეტალებზე პასუხების მისაღებად “აიპრესი” პოლიტოლოგ გია ნოდიას დაუკავშირდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

_ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ბიძინა ივანიშვილისა წერილიდან და სატელევიზიო ინტერვიუდან – მართლა მიდის პოლიტიკიდან თუ ისევ კულისებში გადაინაცვლა? მან ფაქტობრივად ისიც გვითხრა, რომ ყველაფერი შეუძლია და ჭარბი ნდობა აქვს. თქვენთვის თუ იყო სიახლე ამ ინტერვიუში?

_ არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე ახალი ეთქვა ამ ველში. ის იმეორებს ყველაფერს იმას, რასაც აქამდე ამბობდა და აკეთებდა. წასვლაც გამეორებაა. 2013-ში ის ერთხელ უკვე წავიდა. გასაგებია, რომ იფიცება, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა და არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ იყო პირველი წასვლის დროს. ის მაშინაც ამას ამბობდა, რომ როგორ გეკადრებათ, რას ამბობთ, რა არაფორმალური მმართველობა და ა. შ.

თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ მაშინ სხვა იყო და ახლა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ კონკრეტული საფუძველი, რომ დღეს სხვანაირად იქნება, ასეთი საფუძველი არ გვაქვს.

_ ივანიშვილმა გვითხრა ერთი მხრივ, რომ ის აღარ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაგრამ მეორე მხრივ ამბობს, რომ “ოცნებას” 4-5 წელი არაფერი ემუქრება. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

_ მას [ბიძინა ივანიშვილს] პრეტენზია აქვს, რომ ახლა გახდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტი და როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტი ასე აფასებს ვითარებას, რომ 4-5 წელი არაფერი დაემუქრება “ქართულ ოცნებას”. დავიჯერებთ თუ არა ეს სხვაა და ის რამდენად სწორია ეს შეფასება, მაგრამ ასეთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.

_ მან ისიც გვითხრა, რომ ევროპული ტიპის დემოკრატია გვაქვს, ეს როგორ ჟღერს?

_ სასაცილოდ. მაგრამ აქაც ხომ არაფერი სიახლე არ უთქვამს?! როდესაც მოდიოდა, მაშინაც გვითხრა, რომ ევროპული ტიპის დემოკრატია გვექნება და ახლა ამბობს, რომ ყველაფერს მივაღწიე, რასაც ვგეგმავდიო. გასაგებია ესეც, ხომ არ იტყვის, რომ შეფარული ავტორიტარიზმია. ნეოლიბერალური დემოკრატია ევროპული ტიპისაა.

_ მან ჯერ ჯანსაღი ოპოზიციის იმედი გამოთქვა, ხოლო ინტერვიუში დააზუსტა, რომ იმედი აქვს მოესწრება იმას, რომ ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში „ოცნებას“ შეცვლის. ეს ხომ არ უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ ივანიშვილმა შესაძლოა ფსონი დადოს რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე ან ხელოვნურად შექმნას ოპოზიცია? მაგალითად საუბარია, რომ კალაძე შესაძლოა გადავიდეს ოპოზიციაში ან გახარია. ამ პროცესს როგორ უყურებთ?

_ თეორიულად ყველაფრის წარმოდგენა შეგვიძლია, მაგრამ ის, რაც მან თქვა – მის წერილს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ისე გამოვიდა, რომ ერთადერთი რასაც ვერ მიაღწია არის ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბება. გულდაწყვეტილია ამის გამო და ჩანს, რომ მისი ოცნებაა ის, რომ ოპოზიციაც თვითონ გააკონტროლოს. ანუ ოპოზიციაც მისი იყოს და ხელისუფლებაც. უფრო სწორად მისი მოსაწონი იყოს, რაც ფაქტობრივად იგივეა, რომ მისი იყოს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იფიქროს მისი ოცნების განხორციელებაზე, მაგრამ ვინაიდან ეს მან ვერ შეძლო ამდენ ხანს, ძალიან მეეჭვება, რომ ახლა შეძლოს და ამის რაიმე შანსი ჰქონდეს, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით.

_ ანუ, არ ელოდებით, რომ თვითონ შექმნის ოპოზიციას?

_ არა, არ ველოდები. ეგრე იმასაც ამბობდა ივანიშვილი პირველი წასვლის შემდეგ, რომ ის თვითონ გადავიდოდა ოპოზიციაში და თვითონ გახდებოდა „ქართული ოცნების“ კრიტიკოსი, მაგრამ ვნახეთ, მაშინ როგორი კრიტიკოსი იყო მმართველი პარტიის. აქედან გამომდინარე არ ველოდები, რომ ახლაც ის შექმნის ოპოზიციას.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად