“ივანიშვილის გემოვნება “ასავალ-დასავალისაა”, – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გემოვნება „ასავალ-დასავალის“ გემოვნებისაა და ამიტომაც უწოდა ერთხელ „ასავალ-დასავალს“ ქართული პრესის ფლაგმანი.

ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელმაც ისიც გვითხრა, რომ თავისუფალ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი აგებს და ეს მან თავადაც იცის. (ინტერვიუ ჩაწერილია ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამდე, შესაბამისად პოლიტიკოსს ამ საკითხზე კითხვა ვერ დავუსვით ავტ:)

_ როგორ აფასებთ მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას? ხედავთ თუ არა პოლიტიკურ კონტექსტს და იმას, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ ის აპირებს სექტემბერში მოძრაობის შექმნას?

_ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ეტყობა მეორე სუნთქვა გაეხსნა და ყველას და ყველაფერს ებრძვის, რაც მისი კონტროლის ქვეშაა. მკაფიოდ ჩანს ეს. ხაზარაძე და ივანიშვილი ერთმანეთს თვეების განმავლობაში აღარ ებრძოდნენ, გვახსოვს ეს. ანაკლიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, კერძოდ კი წერილზე საუბარს ხაზარაძემაც ჯერ მოუკლო და შემდეგ საერთოდ შეწყვიტა საუბარი და გახარიამაც შეწყვიტა ხაზარაძეზე საუბარი, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

_ მაშინ ახლა რა მოხდა?

_ 20 ივნისის შემდეგ ექსპრემიერმა ივანიშვილმა მისთვის უჩვეულო, ომახიანი განცხადება გააკეთა. საჭიროა დემოკრატია და ა. შ. გვითხრა კვირიკაშვილმა და გააკრიტიკა ივანიშვილი. როცა ივანიშვილმა გაუშვა პრემიერობიდან ხაზარაძის ახლო მეგობარი და პარტნიორი კვირიკაშვილი, მაშინ კვირიკაშვილი უხმაუროდ თავჩაქინდრული წავიდა. ახლა რადგანაც საჭიროდ მიიჩნია ხმის ამოღება, ამოიღო. ეს არ იყო მხოლოდ იმით განპირობებული, რომ აღშფოთდა 20 ივნისს. აქამდეც ბევრი რამე იყო განპირობებული მისი პრემიერობის დროსაც და შემდეგაც. როგორც ჩანს, კვირიკაშვილის განცხადება ეს იყო პრელუდია ხაზარაძის შემდგომი განცხადებისა, რომ სექტემბერში აპირებს მოძრაობის შექმნას.

როდესაც ხაზარაძე დარწმუნდა იმაში, რომ ივანიშვილთან ზავი და დუმილი ორივე მხრიდან აღარ არის საკმარისი და გადაწყვიტეს პოლიტიკით დაეცვათ თავი ჯერ კვირიკაშვილმა, შემდეგ ხაზარაძემ. ამის შემდეგ ივანიშვილმაც ჩათვალა, რომ საჭიროა ამ ადამიანების მოთოკვა. აშკარად მეორე სუნთქვა გაეხსნა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ.

ივანიშვილის მთავრობა არ იყოფა. მას მძიმედ ახსოვს 2011-14 წლების კოალიცია, ძალიან შეზღუდული გვყავდა ჩვენ. როცა მან მისცა ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ და მას უწოდა ქართული პრესის ფლაგმანი და მერე გაკვირვებული იყო, რომ „რესპუბლიკელებს“ აგინებენ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები და რაშია საქმეო. ივანიშვილის გემოვნება „ასავალ-დასავალისაა“, მაგრამ მას საშუალება არ ჰქონდა „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გარეშე ფონს გასულიყო და პოლიტიკაში მისი ნაბიჯები წარმატებული ყოფილიყო. ამიტომ ყველა მაშინდელი დოკუმენტი გამსჭვალულია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანით, საარჩევნო სისტემის დემოკრატიულით შეცვლა და სხვა. ბევრჯერ გახდა იძულებული რომ დაგვთანხმებოდა რაღაცებზე. ჩვენც არაერთხელ ვყოფილვართ უხერხულ მდგომარეობაში მისი არაერთი უხერხული გამოხტომის გამო. განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორზე შეტევის გამო, მაგრამ ასე თუ ისე ანტი-დისკრიმინაციული კანონი მივაღებინეთ მის უმრავლესობას და ვიზალიბერალიციისკენ მიმავალი გზა გავკვალეთ.

2014 წლის მეორე ნახევრიდან ივანიშვილის პოზიტივი გახდა ნული და თუ რამე სასაყვედურო გვაქვს. სასაყვედურო გვაქვს იმაში, რომ ერთიანობა ვამჯობინეთ ოპოზიციაში წასვლას.  ასე, რომ არ გამკვირვებია როდესაც ივანიშვილმა გაითავისუფლა თავი ჩვენგან და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ და ამის მერე ის არის ერთპიროვნული მმართველი.

მისი აზროვნება ასეთია, რომ მას არ შეუძლია პარტნიორობა თუნდაც უფროსი პარტნიორის პოზიციიდან. ის მთელი ცხოვრება იყო ყმა, ხან ელცინის, ხან შევარდნაძის და ხან მიშა სააკაშვილის. ახლა მოულოდნელად აღმოჩნდა პატრონი და ახლა მისი ყმობა გაახსენდა ისე, რომ სხვისი პატრონი იყოს და სხვები ჰყავდეს ყმად. ვცდილობ, ნაკლებად ყურმომჭრელი ტერმინები გამოვიყენო და ამიტომ პატრონის და ყმის დასავლურ შესატყვისებს გამოვიყენებ. მთელი ცხოვრება იყო ვაჭარი და ახლა მოულოდნელად მოუნდა სუზერენობა, რასაც სხვა კლასი სჭირდება, რაც ივანიშვილს არ აქვს.

_ იმ პოლიტიკური ძალების დიდ ნაწილს, ვისთანაც ერთად ხართ პოლიტიკურ ბრძოლაში, მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის გეგმაა ჩააბაროს საქართველო რუსეთს და მოსკოვის გუბერნიად აქციოს. იზიარებთ ამ შეხედულებას?

_ მოსკოვის გუბერნიად საქართველოს ვერავინ ვერ აქცევს. ივანიშვილს ბოლო ხანებში მოუვიდა თუ არა ეს აზრი თავში, ეს საინტერესო არ არის. ივანიშვილი წინამორბედების მსგავსად პირველ ჯერზე ქართველი ხალხის ნებით გახელისუფლდნენ. გამსახურდიას დროიდან მოყოლებული ჩემთვის ასეთი კონსპირაციული თეორიები ღიმილის მომგვრელია, რომ ვიღაცამ დასვა და რუსეთმა დასვა. მაგრამ, როგორც კი გაუჭირდებოდა ხოლმე ხელისუფალს, ის საგარეო ორიენტირისკენ იხედებოდა. მიშამ გაიხედა ვაშინგტონისკენ, როდესაც 2008 წელს მეორე ტური მოიპარა. მაშინ ამერიკელმა კონგრესმენმა სისხამ დილით გამოგვიცხადა, რომ ტრიუმფალური გამარჯვება იყო სააკაშვილისო. 2012 წელს უკვე ვითარება იმდენად შეცვლილი და მკაფიო იყო, რომ აღარ დააპირა სააკაშვილისთვის ხელისუფლების შენარჩუნებაში მისი მონაწილეობა და სამართლიანობის მხარეს დადგა.

_ რაც შეეხება შევარდნაძეს?

_ შევარდნაძესაც კარგა ხანს გუნდრუკს უკმევდნენ რაკი მას ავტორიტეტი ჰქონდა დასავლეთში მოპოვებული და პირადი მეგობრებიც ჰყავდა ბეიკერის, გენშერის, ბუშის და სხვების სახით. როცა იგივე ბეიკერს აღარ დაუჯერა 2003 წელს შევარდნაძემ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების სამართლიან წესს სთხოვდა, მიიღო პასუხი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დაადასტურა აშშ-მა. ახლაც ის ვითარებაა, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებს აგებს და იმ კონდინციამდე მივიდა, რაშიც 2003 წელს შევარდნაძე იყო. ეს არის გვიანი შევარდნაძე და გვიანი ბრეჟნევი, მაგრამ კლასით გაცილებით ნაკლები. ალბათ ბრეჟნევს უფრო ჰგავს, ვიდრე შევარდნაძეს. მან იცის, რომ თავისუფალ არჩევნებს აგებს. 2018 წელს 600 000 ხმით შეაფასა ივანიშვილი და მის კანდიდატი ზურაბიშვილი ხალხმა, მეორე ტურში კი გამოღლეტილი ხმებია. ეს ხმებიც მუდმივად ვერ გამოიღლიტება. 800 000 ხმა, რომელიც მიიღო ვაშაძემ, იქიდან ძალიან ახლოა მილიონ ხმამდე და მილიონი ხმა არჩევნებს იგებს საქართველოში. ასეთია ჩვენი ელექტორალური მდგომარეობა.

ამიტომ ივანიშვილი ცდილობს „რუსთავი 2“ ჩაიჯიბოს, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილებაც შეეშველა. ხაზარაძე გაჩერებული იყო ამდენი ხანი და რაკიღა მან განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას და მანამდე კვირიკაშვილის მეშვეობით ამის ანონსი მოხდა, პრაქტიკულად ცალი ფეხი შემოდგმული აღმოაჩნდა ოპოზიციის მხარეს.

იმის მიუხედავად ვინ არის გაბრაზებული 90-იან წლებში თუ 2000-იან წლებში, ვინ დაზარალდა თუ არა, ამ წუთას არ არის რელევანტური. ახლა ის არის ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის დადასტურება და ამიტომ დაიწყო შეტევა მასზე. ივანიშვილმა დაინახა, რომ „მიშა მოდის“ გაცვდა და არასაკმარისია მიშას მტრის ხატის შექმნა. როდესაც მაცხოვარმა თქვა, რომ ვინც ჩემთან არ არის ჩემი მტერიაო, ეს რელიგიაა. ეს რომ ბიძინამ თქვას, ეს რელიგია ვერ იქნება. ეს მადარე პოლიტიკაა და პირველი არ იქნება ბიძინა ვინც ამ პოლიტიკას შეეწირება.

_ ახსენეთ 2003 წლის ვითარება და აქვე გკითხავთ ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიან განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ „ვარდების რევოლუცია“ მისი დაფინანსებულია და გადაცემა „რეაქციაში“ ისიც თქვა როგორ ხდებოდა გარიგება შევარდნაძის მთავრობის მინისტრებთან და მათ მიჰქონდათ ფული და ყიდულობდნენ თავისუფლებას. თქვენთვის თუ იყო ეს ცნობილი?

_ მე მაგ პერიოდში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ავანგარდულ ბრძოლაში ვიყავი ჩართული და საერთოდ ბევრი რამე თქვა ოქრუაშვილმა ისეთ, რომელიც როგორც ჩანს მის მიმართ ინტერესის გაჩენის ამოცანას ემსახურება.

ჩვენ 2003 წლის 2 ნოემბერს მოვიგეთ არჩევნები და მორჩა. 2 ნოემბრამდე ძალიან შეზღუდული ფინანსები გვქონდა მაშინდელ ჩვენს ბლოკს – „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკელებისა“ და ეროვნულ ძალთა გაერთიანების ბლოკს. რაც შეეხება რეიტინგებს, ეს მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ  როცა ასლან აბაშიძემ დაარბია ჩვენი მიტინგი. ახლა ვის რაში სჭირდება ამა თუ იმ ფორმით ინტერპრეტაცია, ეს მაინცდამაინც საინტერესო არ არის. ფინანსურ საკითხებთან კავშირში არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთი რამე კი მახსოვს, რომ სააკაშვილი იყო ჩვენი ბლოკის ლიდერი და მე მქონდა ჩემი ფუნქცია გამოკვეთილი იმ კოალიციაში. ისტორიის გადაწერა და საკუთარი ფუნქციებისთვის მიწერა ყოველთვის ხდებოდა. ამიტომ, ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა.

_ რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თემას, ამას როგორ უყურებთ, ვის უნდა მიეკუთვნოს საბოლოოდ ის?

_ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არცერთი მეპატრონე არ ყოფილა პირნათელი არც მათ პარტნიორებთან მაშინ და არც საზოგადოებასთან.

_ რატომ? რას გულისხმობთ?

_ დაწყებული ეროსი კიწმარიშვილით და მისი იმ პარტნიორებისგან, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ კიწმარიშვილმა გადაგვაგდო, სააკაშვილმა შეგვაშინა, 1.2 მილიონი გადაგვიხადეს და სხვა ბიზნესში გავაგრძელეთ საქმიანობა. 9 წელი ხმა რომ არ ამოგიღია, ამაზე ბოდიში მაინც მოიხადე. ქიბარ ხალვაშის მიმართ სიმპათია არ მაქვს, მაგრამ მას ჯერ ფორმალურად მიართვეს და მერე წაართვეს, ამის შემდეგ კი ბიზნესი დაუნგრიეს, შენობა დაუწვეს და თვითონ დევნილი იყო. იმის მერე ხალვაშმა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლა, ხოლო აქიმიძესა და დვალს ხმა არ ამოუღიათ. დაგვაშინესო და აბა რა გვექნაო.

ვცნობ, თითოეული ადამიანის უფლებას, რომ ზეწოლის გამო მისი საკუთრება უფრო იაფად გაყიდოს, ვიდრე ღირდა. ვცნობ, ადამიანის უფლებას შეეშინდეს ხელისუფლების და ამაზე ხმა ვერ ამოიღოს წლების განმავლობაში, ვცნობ ადამიანის უფლებას, რომ იმ ხელისუფლების პირობებში გააგრძელონ სხვა ბიზნესი. ამ ყველაფრის უფლებას ვცნობ, მაგრამ მე არ მევალება, რომ ან ამ ადამიანებს, ან ვინც წაართვა წილი, ან წამრთმევების წამრთმევებს, რომელიმეს რაიმე განსაკუთრებული პატივი ვცე. ამის ვალდებულება მე არ მაქვს.

რაც დრო გადიოდა „რუსთავი 2“ ხდებოდა ფართო საზოგადოების ინტერესი, პლურალისტური, პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალების გამომხატველი მედიასაშუალება და რაკი დაინახა ივანიშვილმა, რომ „მიშა მოდის“ საკმარისი არ არის და „რუსთავი 2“ აღარ იყო მარტო მიშას რუპორი, ამ ვითარებაში ივანიშვილისთვის „რუსთავი 2“-იც ისევე მიუღებელი იყო, როგორც ხაზარაძის გამოჩენა. მისთვის ჩვენ ყველა მიუღებელი ვართ, ვინც არ ვაღიარებთ ივანიშვილის „ბრძნულ“ ხელისუფლობას. ივანიშვილი არის წარსული და ის დარჩება წარსულში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...