ივანიშვილის გამოწვევა მიღებულია! – აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად (ვიდეო)

რუსთავი 2-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლების თქმითაც, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავენ.

ტელეკომპანია ტაბულას გენერალური დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის გამოწვევა მიღებულია და ისინი "ბრძოლას" აუცილებლად მოიგებენ.

"ახლა ვხედავთ როგორ ებღაუჭება ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების გზით. ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ისინი რუსთავი 2-ს ფიზიკურად დაიცავენ.

"იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ რუსთავი 2-ის შენობას ფიზიკურად დავიცავთ, არ მივცემთ უფლებას, აღასრულონ უკანონო გადაწყვეტილება დაშანტაჟებული მოსამართლის", – განაცხადა გივი თარგამაძემ.

აჩიკო გულედანის განცხადებით კი, მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სახელმწიფოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხს ეხება.

"ვფიქრობ, რომ რაც დღეს ხდება არის ძალიან საშიში ყველასთვის, არა მხოლოდ რუსთავი 2-სთვის. ხელისუფლებაში არიან უგუნური ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ პირდაპირ სიძულვილის ენით ილაპარაკონ. მოუწოდონ ხალხს დაპირისპირებისკენ, ეს არ არის სახუმარო თამაში. მე პირადად არ ვიცავ რუსთავი 2-ს. მე ვიცავ ჩემს, ჩვენს თავისუფლებას იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი და არა ერთი საკითხის ამ შემთხვევაში", – განაცხადა აჩიკო გულედანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად