“ივანიშვილი წავიდა სანგარში დისტანციური მართვის პულტით” – ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

მე არ მინდა ოჯახის საკითხებს შევეხო, მაგრამ როდესაც გამოქვეყნდა ინტერვიუ მისი ოჯახის წევრთან, გამოჩნდა, რომ სწორედაც, რომ მეფედ თვლიან ივანიშვილს. ადარებენ შუა საუკუნეების მმართველებს და გასაგებია ყველაფერი, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ნინო ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ ალბათ ივანიშვილი თვლის, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი მისთვის იქნება, რომ ქვეყანა ისე მართოს, როგორც შუა საუკუნეებში ზოგიერთ ევროპულ ქალაქს გავლენიანი, მდიდარი ადამიანები და მათი ოჯახები მართავდნენ.

რა სიახლე დაინახა და სურვილები ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლებსა და მის განცხადებაში, რომ ის პოლიტიკოდან მიდის? – აღნიშნულ საკითხებზე “აიპრესთან” ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე საუბრობს:

_ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის ჯერ წერილი, შემდეგ მისი სატელევიზიო ინტერვიუ. მთავარი ხაზი ის იყო, რომ მას პრაქტიკულად ყველაფერი შეუძლია, ჭარბი ნდობა აქვს და 4-5 წელი „ქართული ოცნება“, თუმცა მას აქვს სურვილი. თქვენ რა გზავნილი დაინახეთ და თუ იყო თქვენთვის რაიმე სიახლე?

_ იცით რა? მე დავინახე ის, რომ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა ის პრობლემები, რაც საქართველოს წინაშე დგას. მან დაინახა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს მოსახლეობისათვის კითხვებზე პასუხების გაცემა და წლის ბოლომდე მას უსერიოზულესი პრობლემები დაუდგებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა საჯარო პოლიტიკა. მან ფაქტობრივად აიშენა ფარი საქართველოს მოსახლეობას და მასსა და მის ოჯახს შორის. ეს ფარი არის „ქართული ოცნება“ და ამოეფარა მას.

ასე, რომ მისი და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ნამდვილად სწორად მოიქცა, მაგრამ როგორც ყოველთვის გადააგდო მოსახლეობა და ის ხალხი, რომელთაც 31 ოქტომბერს ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო.

ის წავიდა სანგარში დისტანციური მართვის პულტით. ის ერთი მხრივ მართალს ამბობს, რომ არ ჩაერევა „ქართული ოცნების“ საქმეებში. იმიტომ, რომ მას „ქართული ოცნება“ უკვე აღარ აინტერესებს, მაგრამ არ ჩაერევა მხოლოდ იმ მომენტამდე, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ დაემუქრება რაიმე საფრთხე, რომელიც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს. ანუ, ვიდრე „ქართული ოცნება“ შეძლებს, რომ ივანიშვილისთვის ფარის ფუნქცია შეასრულოს, არაფერში არ ჩაერევა, მაგრამ თუ „ოცნებას“ ისე გაუჭირდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაინახა საფრთხე მისი ოჯახისთვის, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ გააძლიეროს და შეინარჩუნოს.

_ ანუ როგორც კი საფრთხეს დაინახავს, ის მაშინვე გააქტიურდება პოლიტიკაში?

_ სხვა საკითხია რა ფორმით გააქტიურდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან თქვა კიდეც, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ 4-5 წელი „ქართუ ოცნებას“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაში არ იქნება მას სჭირდება დრო იმისათვის, რომ შექმნას ე. წ. ოპოზიციური პარტია, რომელიც როგორც თვითონ ამბობს მერე „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. ეს მისი ოცნება კი არ არის, არამედ ეს მისი გეგმაა. მერე ალბათ კვლავ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას ვიხილავთ, ან მისი რომელიმე შვილის მეთაურობით ახალი ე. წ. ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას. მას ამისთვის დრო სჭირდება და მიაჩნია, რომ მანამდე იქნება აბსოლუტურად დაცული. კაცმა ფორმალურად განაცხადა წავედიო და ფორმალურად არ დატოვა საფუძველი, რომ მას წაუყენო პრეტენზიები. თუმცა ეს მას არ გამოუვა. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ყველაფერზე – კარგზეც და ცუდზეც, რაც ამ ქვეყანაში ხდება პასუხისმგებელი სწორედ ის არის და არა კობახიძე, მდინარაძე თუ სხვა.

_ თქვით, რომ მას სურს ხელოვნურად ოპოზიციის შექმნა. ხომ არ ელოდებით, რომ იგივე კალაძე ან სხვა რომელიმე ლიდერი გადავიდეს ოპოზიციაში და ის გააძლიეროს მან?

_ ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ამ ყველაფერზე საუბარი რთულია. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ მას ასეთი გეგმა აქვს. ანუ, მისი განცხადება, რომ ეს მისი სურვილია, სინამდვილეში ეს რა თქმა უნდა არის მისი გეგმა.

_ ანუ, რა გამოდის – ივანიშვილების დინასტიის ჩამოყალიბება უნდა? მაგალითად შუა საუკუნეებში როგორც იყო, როცა ზოგიერთ ქალაქს მართავდნენ მდიდარი და გავლენიანი ოჯახები?

_ რატომაც არა. რატომ არ უნდოდეს?! თვითონ თვლის, რომ სწორედ ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი.

_ მეფედ თვლის თავს?

_ არ ვიცი რად თვლის. ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა ოჯახის საკითხებს შევეხო, მაგრამ როდესაც გამოქვეყნდა ინტერვიუ მისი ოჯახის წევრთან, გამოჩნდა, რომ სწორედაც, რომ მეფედ თვლიან ივანიშვილს. ადარებენ შუა საუკუნეების მმართველებს და გასაგებია ყველაფერი.

_ თქვენმა განცხადებამ, როდესაც ივანიშვილის ჭორვილაში ცხოვრებაზე ისაუბრეთ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პრეზიდენტმაც კი გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე. ჩემთვის გასაგები იყო თქვენი განცხადება, მაგრამ მკითხველისთვის განმარტეთ კიდევ ერთხელ და თუ უპასუხებდით სალომე ზურაბიშვილსაც?

_ სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისთვის პასუხი არ მიმაჩნია აუცილებლობად. ერთადერთი, რაც ამ განცხადებამ გააკეთა არის ის, რომ პრეზიდენტიც გვყავს თურმე. მაგრამ მართალია ეს, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი ჭორვილაში იმიტომ კი არ ცხოვრობდა, რომ ყველაზე კარგი პატრიოტია თავისი სოფლის და ყველაზე მეტად უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა დაცვა და ერთადერთი ყველაზე დაცული ადგილი მისთვის სწორედ რომ ჭორვილა იყო 15 წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. აი ეს იყო განცხადება და განცხადების საფუძველი, რაც მე გავაკეთე და არა ის, რომ ჭორვილა მოვიხსენიე ცუდ კონტექსტში.

_ პრობლემები ვისთან ჰქონდა?

_ დიახ, პრობლემები ჰქონდა იმის გამო, რომ თაღლითური გზით ნაშოვნი ფულის გამო სერიოზული პრეტენზიები არსებობდა მის მიმართ.

_ სამართალდამცავ სისტემასთან?

_ არა მხოლოდ სამართალდამცავებთან, ალბათ უფრო საშიშ და სერიოზულ ხალხთან. ის და მისი ოჯახს თავს დაცულად გრძნობდენ სწორედ ჭორვილაში.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად